სადაზღვევო ინდუსტრიაში მოგების გაზრდილი მაჩვენებელი ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც დღესდღეობით ბაზარზეა.
როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, სხვა მიმართულებებს რეალურად უჭირთ პოზიციების გამყარება.
„სტატისტიკის თანახმად, სადაზღვევო კომპანიების მოზიდული პრემია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ინფლაციის გათვალისწინებითაც, რეალური ზრდაა. გაიზარდა დაზღვევის მოცვაც, მაგრამ ეს არის ის ტემპი, რითაც სადაზღვევო ბაზარი უნდა განვითარდეს.
18 კომპანიისთვის 39-მილიონიანი მოგება 900 მილიონ ბრუნვასთან შედარებით ძალიან ცოტაა. მით უმეტეს მაშინ, როცა 6 კომპანია ზარალიანია.
აქტიური კონკურენციის პირობებში სადაზღვევოები ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ფასად და შედეგი ეს არის.
ზრდის მიუხედავად, დაზღვევის მოცვა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობა დაუცველია ხანძრისგან, ავარიისგან და სხვა შემთხვევებისგან", - ამბობს ხეჩინაშვილი.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 105,5 მილიონ ლარია. 2021 წელს ეს 985 მილიონს შეადგენდა, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს - წინა წელს ეს მაჩვენებელი 324 მილიონი იყო.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
უახლესი