დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როკის ცოცხალი ლეგენდა Guns N' Roses, თანამედროვეობის წარმატებული მუსიკალური პროექტი Empire Of The Sun, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია - როგორია Starring Georgia-ს გეგმები და მიზნები

როკის ცოცხალი ლეგენდა Guns N' Roses, თანამედროვეობის წარმატებული მუსიკალური პროექტი Empire Of The Sun, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია - როგორია Starring Georgia-ს გეგმები და მიზნები

13-03-2025 11:00:00

საქართველოში ვარსკვლავთცვენა გრძელდება. 30 მაისს საქართველოში როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ბენდი, Guns N' Roses გამართავს კონცერტს.

27 აგვისტოს კი სცენას თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ავსტრალიური მუსიკალური პროექტი Empire Of The Sun დაიპყრობს.

როგორ მიმდინარეობს სამზადისი და რა გეგმები აქვს Black Sea Arena-ს ამ და სხვა თემებზე Business Insider Georgia Black Sea Arena-ს პროექტების მენეჯერს ციცი იაშვილს ესაუბრა. 


- 2025 წელს 30 მაისს Starring Georgia სეზონის პირველ ღონისძიებით ბრუნდება - Guns N' Roses-ის საქართველოში ჩამოსვლაზე დასათანხმებლად რა დრო დაგჭირდათ და თუ აქვს ჯგუფს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ქვეყანაში ჩამოსვლისთვის? და ასევე საინტერესოა, როგორი იქნება პროგრამა?

- „Guns N' Roses“ როკის ცოცხალი ლეგენდაა, მთელ მსოფლიოში მილიონობით მსმენელით. ბუნებრივია, ასეთი ბენდის კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლა ბევრ ტექნიკურ თუ ორგანიზაციულ საკითხთან არის დაკავშირებული; მით უმეტეს მაშინ, როცა საერთაშორისო მნიშვნელობის ბენდი ტურნეს ფარგლებში გსტუმრობს. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ჩვენ მთლიანად ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ჩვენ ვფლობთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებულ სცენას, განათებას, გახმოვანებასა თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებს, რაც დღეს შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენივე რესურსით ვუმასპინძლოთ ნებისმიერი დონის არტისტს.

აღსანიშნავია, რომ „Guns N' Roses-ის“ კონცერტი პირველი შემთხვევა იქნება, როცა არტისტი თავად ჩამოიყვანს ე.წ. საფორთ ბენდს. „Rival Sons“, რომელიც თავადაც საკმაოდ პოპულარული ბენდია, მზარდი აუდიტორიით, არაერთხელ ყოფილა ლეგენდარული ჯგუფების ე.წ. საფორთ ბენდი; ისეთების, როგორიცაა: „Black Sabbath“, „AC/DC“, „Deep Purple“, „The Rolling Stones“, „Judas Priest“ და ა.შ. მათი მეექვსე სტუდიური ალბომი — Feral Roots — 2019 წელს „გრემიზე“ საუკეთესო როკ-ალბომის კატეგორიაშიც იყო ნომინირებული. გარდა ამისა, „Rival Sons-ს“ მონაწილეობა მიუღია „Sonisphere-ზე“, „T in the Park-ზე“, „Rock Werchter-ზე“, „Rock am Ring-ზე“ და სხვა მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალებზე.

ამ ბენდის ჩამოყვანა „Guns N' Roses-ის“ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რაც სანახაობას განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ფაქტობრივად, მსმენელს 2 კონცერტის მოსმენის საშუალება ექნება. კონცერტი ზუსტად 3 საათსა და 15 წუთს გაგრძელდება და ფაქტობრივად, „Guns N' Roses-ის“ 40-წლიან შემოქმედებას გააერთიანებს. რადგანაც მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდიან, კონცერტი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. როკის ცოცხალ ლეგენდების მოსასმენად მსმენელი ციცინათელაზე შეიკრიბება.

- როგორ მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვები და ასევე საინტერესოა თუ ფლობთ ინფორმაციას გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც ქვეყნებიდან ხდება კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა და შესაბამისად მათი საქართველოში სტუმრობა?

- ბილეთების გაყიდვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ წელს უცხოელი მსმენელის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რაც იმას ნიშნავს, 2025 წლის ზაფხულში საქართველოსა და გურიას კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, მათ რიგებში არა მხოლოდ მეზობელი, არამედ საქართველოდან საკმაოდ დიდ მანძილზე დაშორებული ქვეყნებიცაა. ეს კიდევ უფრო სასიხარულოა, რადგან შორი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, როგორც წესი, 2-3 დღით არ ჩერდებიან; ისინი, ფაქტობრივად, მთელ მოგზაურობას გეგმავენ, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც კონცერტზე დასწრებაა.

- Guns N' Roses-ის გარდა წელს კიდევ თუ უნდა ველოდოთ Black Sea Arena-ზე ვარსკვლავთცვენას?

- Starring Georgia-ს მიერ მოწყობილი ვარსკვლავთცვენის ფარგლებში, ქართველი და საქართველოში ჩამოსული უცხოელი მსმენელის წინაშე მხოლოდ „Guns N' Roses“ არ წარდგება. 2025 წლის ზაფხული გურიაში სხვა ძალიან მნიშვნელოვან, პოპულარულ და მელომანებისთვის საყვარელ არტისტს გააერთიანებს. ერთ-ერთი მომდევნო ბენდი უკვე დავაანონსეთ — 27 აგვისტოს Black Sea Arena Front Stage Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. ასე რომ ზაფხულის მიწურულს Black Sea Arena-ს ეზოში საკულტო ჰიტებთან ერთად გამორჩეულად სანახაობრივი ლაივ შოუ გველოდება. ეტაპობრივად, სხვა არტისტების ვინაობაც გახდება ცნობილი, ასე რომ თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ ქსელებს.

- გურიის რეგიონის პოპულარიზაციისთვის თავის დროზე Black Sea Arena-ს გახსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რასაც თან ეტაპობრივად რეგიონში ტურიზმის უფრო მეტად განვითარებაც მოყვა. როგორია ხედვები და გათვლები, რა უნდა გაკეთდეს კიდევ იმისთვის, რომ რეგიონმა მეტი ტურისტი მოიზიდოს და ასევე რა კეთდება ადგილზე სერვისის დონის ამაღლებისთვის?

- დიახ, „Black Sea Arena-ს“ გახსნამ რეგიონის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. მან გააჩინა შესაძლებლობა, აქ დასაქმებულ ადამიანებს ესწავლათ, როგორ გამოეყენებინათ ამ მასშტაბის სივრცე ცოდნის მიღების, პროფესიული ზრდისა და რეგიონის განვითარების კუთხით. სწორედ ამ კედლებში გაიზარდა გუნდი, რომელმაც საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე დიდი სანახაობა შექმნა; ამ სანახაობასთან ერთად კი, ის სერვისი, რომელიც უამრავ მიმართულებას აერთიანებს. შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში გურიაში სასტუმროების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა და სეზონიც გახანგრძლივდა.

„Black Sea Arena-სა“ და ჩვენი გუნდის ეფექტურობაზე შედეგებიც მეტყველებს. ორი წლის მანძილზე არაერთი პრეცედენტი შეიქმნა და არაერთი რეკორდი დამყარდა. მათ შორის, მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო „Imagine Dragons-ის“ 30 000 ბილეთი, რომელიც 7 საათში გაიყიდა და Scorpions-ის 10 000 ბილეთი, რომელიც 2 საათში გაიყიდა.

რა თქმა უნდა, „Starring Georgia“ ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პროექტი იყო. თუ ციფრებზე ვისაუბრებთ, გასული 2 წლის განმავლობაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს 18 750 ტურისტი ეწვია. მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 60 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საბოლოო ჯამში, 2 წლის განმავლობაში 125 000 მელომანი გავაერთიანეთ, გასული წლის მაისში კი, არატურისტულ სეზონზე 2-ჯერ შევძელით შეკვეთილში ქართველი და უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა.

რაც შეეხება სიახლეებსა და რეგიონის ტურისტულად უფრო მეტად დატვირთვას, პირველყოვლისა, გამოვყოფდი კამპანიას — „გურია მთავარ როლში“. ამ კამპანიის ფარგლებში, „სთარინგ ჯორჯია“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გურიის ადგილობრივი მეწარმეების გადამზადებას უზრუნველყოფს. ტრენინგების მეშვეობით, მეწარმეები სწავლობენ, როგორ შესთავაზონ 2025 წლის ზაფხულში გურიაში ჩასულ ათობით ათას ვიზიტორს შესაბამისი მომსახურება და პროდუქტი.

- რა მიგაჩნიათ Starring Georgia-ს მთავარ მიღწევად?

-მთავარი ფაქტორი ტექნიკური განახლებაა, რაც საერთაშორისო დონის არტისტების მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთივე მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც ამ ტექნიკის სწორად გამოყენება იციან. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ზუსტად ასეთი პროფესიონალებით, რომელთა მეშვეობითაც შევძელით, სწორად გვემართა ჩვენს ხელში არსებული რესურსები და შეგვექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებული პირველი ღონისძიებები.
ერთ წელიწადში 5 მასშტაბური კონცერტის გამართვა ძალიან დიდი გამოწვევაა. პარალელურად, სერიოზულ სამუშაოს მოიცავს მარკეტინგული კამპანიის ისე მართვა, რომ თითოეული მათგანის შესახებ სხვადასხვა სეგმენტურ აუდიტორიას მიაწვდინო ხმა. აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის, გამართული ლოჯისტიკა, მოწესრიგებული ორგანიზაციული ნაწილი და კონცერტზე მოსული მსმენელისთვის საუკეთესო მუსიკალური გამოცდილების შექმნა. ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ.

გარდა ამისა, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტებიდან გამოვყოფდი ლოიალური მომხმარებლების პროგრამას, რომელიც ციფრულ ბარათ Starring Card-ში გაერთიანდა. დღესდღეობით, აღნიშნული ბარათების რაოდენობა 43 000-ს, ხოლო ამ ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ჯამური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები