დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ დავგეგმოთ ფინანსური წელი

როგორ დავგეგმოთ ფინანსური წელი

07-01-2024 13:23:00

გიზიარებთ ბლოგს:  

ბოლოს როდის გაიფიქრეთ, რომ ფული უაზროდ გაფლანგეთ? დღევანდელი ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ეს შეგრძნება ბევრი ჩვენგანისთვის უცხო არ უნდა იყოს. ერთი შეხედვით, ადამიანებს მუდმივი მისწრაფება გვაქვს – მივიღოთ მეტი შემოსავალი და დავხარჯოთ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, თუმცა გულის სიღრმეში, ალბათ, ყველამ ვიცით, რომ თითოეული ლარის უკეთ განკარგვა შეგვეძლო.

ეს მიზანი მიღწევადია – რამდენიც არ უნდა იყოს ჩვენი ხელფასი თუ დივიდენდი. ალბათ, გსმენიათ მილიარდერების უცნაურ დამოკიდებულებაზე ფულის მიმართ. მაგალითად, უორენ ბაფეტი (ქონება – $119 მლრდ) დღემდე „მაკდონალდსში“ საუზმობს, თან არც მეტი, არც ნაკლები, 4  დოლარად. არადა, მილიონერი ჯერ კიდევ 1962 წელს გახდა. ამ მოვლენის ახსნა მრავალნაირად შეიძლება, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს – ადამიანების დამოკიდებულება ფულთან მიმართებით იშვიათად იცვლება, მიუხედავად მათი შემოსავლისა. თუ გვიჭირს,  X თანხის სწორად განაწილება, დიდია შანსი, რომ 10,000X-იც ისე დავხარჯოთ, რომ უკმაყოფილონი დავრჩეთ. თუ ამ აზრს ეთანხმებით და თან გამოსავალს ეძებთ, შესაძლოა, ამ ბლოგის წასაკითხად ყველაზე ხელსაყრელი დრო სწორედ ახლაა – ახალი წლის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია გადავაფასოთ/შევაფასოთ განვლილი 365 დღე და უკეთესად დავგეგმოთ მომავალი.

გიზიარებთ ცნობილი ამერიკელი ფინანსური კონსულტანტის, რამიტ სეთის რჩევებს, რომლებიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და ახლაც ეხმარება მათი ფინანსური ჩვევების გამოსწორებაში. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ დაზოგვას ბედნიერება არ მოაქვს, პირიქით, გასაღები გააზრებულ ხარჯვაშია. ვნახოთ, რა საფეხურები უნდა გავიაროთ, სანამ ფინიშის ხაზს გადავკვეთთ:

ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს ვალდებულებებს

ზოგადად არ გვიყვარს ხოლმე ამაზე არც ბევრი ფიქრი, არც საუბარი. თუმცა, ეს გამოსავალი არ არის. ამიტომ აუცილებლად გაუსწორეთ თვალი ყოველთვიურ ხარჯებს, კარგად გაერკვიეთ და მოძებნეთ გზები მათი ოპტიმიზაციისთვის, იქნება ეს მათი ვიზუალიზაცია (დაწერა/დახატვა) თუ რესტრუქტურიზაცია;

ისწავლეთ მოლაპარაკება

ნებისმიერი ნივთის/მომსახურების შეძენამდე დაფიქრდით, იქნებ სხვაგან უფრო იაფად მიიღოთ იგივე სარგებელი? ან იქნებ ღირდეს და ამჟამინდელ „გამყიდველს“ ფასზე მოელაპარაკოთ? ნუ მოგერიდებათ შემხვედრი წინადადების შეთავაზება, მოლაპარაკება ფინანსურ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა;

მზად იყავით ინვესტირებისთვის

იზრუნეთ თქვენს შორეულ და არც თუ შორეულ მომავალზე. დაიწყეთ ინვესტირება, თუნდაც $10-ით, მაგრამ დაიწყეთ რეგულარულად. სარგებლის დარიცხვამ წლებთან ერთად, შესაძლოა, საოცარი შედეგები მოგიტანოთ;

ხარჯეთ გააზრებულად

იფიქრეთ, რაში მოგწონთ ფულის ხარჯვა და ეცადეთ ამაზე გააკეთოთ აქცენტი (მაგალითად, მოგზაურობა ან ფეხსაცმელი, რომლის ყიდვის უფლებასაც საკუთარი თავი არ გაძლევთ). ამავდროულად ეცადეთ, ფული დაზოგოთ ისეთ ნივთებსა თუ მომსახურებაზე, რაც გიზრდით ხარჯს და დიდად არც სიამოვნებას განიჭებთ (მაგალითად, ნებისმიერი პროგრამის Subscription, რომელიც თვეებია არ გამოგიყენებიათ). ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივ გამოსავლად ჟღერს, თუმცა „ფინანსური მენეჯერი“ თქვენს მობილბანკში დაგარწმუნებთ, რომ ხშირად ასე არ ვიქცევით.

დაიწყეთ დაზოგვა

გახსენით ყულაბა და თითოეულ გადახდაზე თუნდაც 50 თეთრი შეინახეთ. ოღონდ ჩათვალეთ, რომ ეს თანხა, უბრალოდ არ არსებობს! არ გაბედოთ მისი დახარჯვა მეორე დღესვე. თქვენი რესურსები გონივრულად გამოიყენეთ.

გაზარდეთ თქვენი შემოსავლები

იფიქრეთ, თავისუფალი დრო სწორად როგორ გამოიყენოთ. 21-ე საუკუნეში ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დისტანციურად უამრავი საქმის შესრულებაა შესაძლებელი;

და ბოლოს: სისტემატურად გაიმეორეთ თითოეული საფეხური

მუდმივობას დიდი ძალა აქვს, მათ შორის ფინანსებშიც. თუ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებთ და თან ამის კეთებას არ შეწყვეტთ, თქვენი ფინანსებიც ნელ-ნელა სტრუქტურირებულ სახეს მიიღებს და გააზრებული ხარჯვა თქვენი ცხოვრების განუყოფელი წესი გახდება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები