სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო „ბიოდიზელი ჯორჯიას“ დირექტორი მურმან პატარაია Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ 2024 წელი ნედლეულის შეგროვების თვალსაზრისით წარმატებული იყო.
„ჩვენი საბოლოო მიზანია 100%-ს მიაღწიოს მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთების შეგროვების მაჩვენებელმა, რაც ჯერ-ჯერობით მიუღწეველია იქიდან გამომდინარე, რომ ნარჩენებისა კუთხით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო მწარმოებლებთან, თუმცა ეს შესაძლებელია. ამავდროულად აქტიურად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან და ამ უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც 2025 წელს აისახება ნედლეულის რაოდენობის ზრდაზე“, - განაცხადა მურმან პატარაიამ.
„ბიოდიზელი ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია წარმოების ნაწილში ძალიან აქტიურად ემზადება.
„2024 წელს დავასრულეთ ყველა დოკუმენტის ბრუნვა, რაც არის დაკავშირებული ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს „მწვანე ჰაბის“ ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს ქარხნის მშენებლობა. ველოდებით გაუმჯობესებულ გარემო პირობებს, ტემპერატურის თვალსაზრისით, რათა სამუშაოები დავიწყოთ. 2025 – 2026 წლის დასაწყისში ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბიოდიზელის გადამამუშავებელ საწარმოს გავხსნით“, - აცხადებს მურმან პატარაია.
მეწარმე ამბობს, რომ ბიოდიზელის მისაღებად იგეგმება ნედლეულის შემოტანა საქართველოში.
„ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ყირგიზეთთან, ყაზახეთთან. ჩვენ ვოპერირებთ სომხეთში, აზერბაიჯანში, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოებისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში იმპორტის რეჟიმში უნდა შემოვიდეს გადამუშავების მიზნით, რათა ექსპორტზე გავიდეთ ევროკავშირის ბაზარზე, ესაა ჩვენი იდეა“, - ამბობს მეწარმე.
„ბიოდიზელი ჯორჯია“ სხვა პროექტებზეც მუშაობს, რომლების მომავალი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.
„ვამუშავებთ სხვა პროექტებსაც, ბიზნესინიციატივებს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა ნარჩენების მართვის მიმართულებით და არსებული პრაქტიკა ქვეყანაში არ ყოფილა. ეს არის ბიოგაზის წარმოება, რომელიც 2026-2027 წლის ფარგლებში იგეგმება და სასაკლაოების ნარჩენების მართვა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მესამე წელია ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მძიმე ინდუსტრიული პროექტია, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. ამ პროექტს ვამუშავებთ ძალიან აქტიურად, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სასაკლაოს ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტებით მოხდეს“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
"ბიოდიზელი ჯორჯია", ბიოდიზელს მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან აწარმოებს, საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს.
ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯიამ“, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან.
გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში, კერძოდ: SDG 7 „ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია“, SDG 9 „ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა“ და SDG 13 „კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მოქმედება“.
უახლესი
3 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად15 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა