დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდესაც ვამბობთ, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ვგულისხმობთ ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასაც - ლევან დავითაშვილი

როდესაც ვამბობთ, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ვგულისხმობთ ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასაც - ლევან დავითაშვილი

16-12-2024 16:25:00

საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ქვესადგურის  „წყალტუბო 500" მშენებლობა დაასრულა. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაში. 
„როდესაც ვამბობთ, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ, ღირსეულ, ევროპულ  სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში,  ბევრ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად ვგულისხმობთ მისი ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასაც, რადგან საქართველოს ნამდვილად გააჩნია რესურსები, რომ სწორი პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების თანადგომით არამხოლოდ შექმნას ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის საჭირო ენერგეტიკული სიმძლავრეები, არამედ გახდეს სხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხითაც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 
ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმა - 2030 წლისთვის არამხოლოდ გააორმაგოს, არამედ 10,000 მგვტ-მდე  გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რაც სრულად უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, ასევე განავითარებს ახალ, ენერგოტევად დარგებს. 
„წყალტუბო 500"-ის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ზედამხედველობდა უცხოური კომპანიების ერთობლივი საწარმო Decon International GmbH, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი  თურქულმა კომპანია BEST- მა განახორციელა. დღეს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში თურქეთის ალი ქაან ორბაიმ, ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებმა და მაღალი რანგის სხვა სტუმრებმა.  
აღსანიშნავია, რომ ქვესადგურის  მშენებლობისას დასაქმებული იყო 350-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის  ღირებულებამ  19.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ქვესადგურის ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი და შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. 
„ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის გაზრდა მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე ფლაგმანი პროექტის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით ევროკავშირთან პირდაპირი დაკავშირების უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ელექტრო ენერგეტიკის სექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის და საქართველოში აშენდეს როგორც გენერაციის, ისე მაღალი სტანდარტების მქონე ქვესადგურები, როგორიც არის „წყალტუბო 500", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც 80 კილომეტრამდე  სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს - ის წყალტუბოს და ჯვრის 500 კვ ქვესადგურებს ერთმანეთთან  დააკავშირებს. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ეს იქნება გადამცემი ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლები, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული  ენერგეტიკული რესურსების გამოყენების საშუალებას შექმნის როგორც შიდა ენერგეტიკისთვის, ასევე მისი ექსპორტისთვის, მათ შორის  თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ენერგეტიკის განვითარების ასეთი ტემპი შენარჩუნდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ხელისუფლების გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკისა და ზოგადად, ჩვენი ერის გონიერების წყალობით და მოგვცემს საშუალებას, რომ  გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ენერგეტიკულ სფეროში, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო  მასშტაბით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები