5 ნოემბრიდან 2024 წლის იანვრამდე საქართველოდან ეგვიპტის კურორტის, შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დროებით გაუქმდა.
ინფორმაციას Business Insider Georgia- თან „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და შპს "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძე ადასტურებს.
მისი თქმით, აღნიშნულ კურორტზე უსაფრთხოების მაღალი რისკია ისრაელში შექმნილი საომარი მოქმედებების გამო, რის გამოც ფრენების გაუქმება გადაწყდა.
,,5 ნოემბრიდან დაწყებული, წლის ბოლომდე რეისები შეჩერებული იქნება სიტუაციიდან გამომდინარე. თუკი შეიცვლება მდგომარეობა, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეგვიპტეში ამ მომენტში არანაირი საომარი მოქმედება არ მიმდინარეობს, მაგრამ ბუნებრივია, უსაფრთხოების რისკები გაზრდილია. ამ სიტუაციაში გარისკვა არავის უღირს, ამიტომ ალბათ სჯობს, ასე იყოს, საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს ამ გადაწყვეტილებას", - აცხადებს მამუკა კელაურაძე და ალტერნატიულ მიმართულებებზეც დასძენს, რითაც სავარაუდოდ მომავალ სეზონზე, თბილ ქვეყნებში დასვენების მსურველები ისარგებლებენ.
„როდესაც მთავრდება ანტალიის სეზონი, ნოემბრიდან დაწყებული, ეგვიპტე აქტიურობს და ლიდერ პოზიციაზეც არის. ვფიქრობ, რომ ალტერნატივა ამ პერიოდში იქნება ისევ ანტალია, ვინაიდან სეზონი გრძელდება. თუკი ამინდი ხელს შეუწყობს, დეკემბერშიც შეიძლება გაგრძელდეს სეზონი, ასე იყო წინა წელსაც. მართალია, ზამთარში ბევრი სასტუმრო იხურება, მაგრამ არჩევანი მაინც ექნებათ დამსვენებლებს, ნაწილი მაინც იმუშავებს. თუკი სითბოში დასვენება ვინმეს სურს, ეგვიპტის ალტერნატივა ანტალიისა და კვიპროსის კურორტებია. ფასიც აბსოლუტურად მისაღებია. თანაც ამ მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება, რაც გამოც დასვენებაც უფრო მარტივი და შედარებით ხელმისაწვდომია", - ამბობს მამუკა კელაურაძე.
ამდენად, ტურისტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეგვიპტეში ომის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რისკი გათვალისწინებულია და სექტორი სიფრთხილეს იჩენს.
უახლესი