დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის აქსელერაციის პროგრამა შენი სტარტაპის განვითარების საუკეთესო გზა

რატომ არის აქსელერაციის პროგრამა შენი სტარტაპის განვითარების საუკეთესო გზა

20-01-2024 16:42:00

გიზიარებთ ბლოგს: ალბათ ერთხელ მაინც დაგიჯავშნია ბინა Airbnb-ზე, აგიწყვია დიზაინი Canva-ში ან შეგინახავს მნიშვნელოვანი დოკუმენტები Dropbox-ზე, მაგრამ გიფიქრია, რომ ეს კომპანიები, ერთ დროს პატარა სტარტაპები იყვნენ, რომლებმაც მილიონიან ნიშნულს აქსელერაციის პროგრამების გავლის შემდეგ მიაღწიეს?

რა არის აქსელერაციის პროგრამა?

ესაა პროგრამა, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს აძლიერებს ცოდნით, ფინანსებითა თუ სანაცნობო წრის გაფართოებით. თუმცა, ეს ძალიან მოკლედ აღწერს იმ სარგებელს, რომელსაც ახალბედა კომპანიები მსგავსი პროგრამებისგან იღებენ.

სხვადასხვა აქსელერაციის პროგრამას განსხვავებული სტრუქტურა აქვს, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ეფუძნება მენტორობის პრინციპს, რომლის ფარგლებში სტარტაპებს ცოდნასა და საჭირო რესურსებს გამოცდილი ბიზნესმენები, ინვესტორები და მეწარმეები უზიარებენ, ხანგრძლივობა კი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს.

აქსელერაცია სტარტაპებს ახალი კავშირებისკენ უხსნის კარს და აძლევს მეტი მომხმარებლის მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას. სხვადასხვა პროგრამა სტარტაპებს წილის სანაცვლოდ სოლიდურ დაფინანსებასაც სთავაზობს, უთმობს სივრცეს სამუშაოდ, აკვირდება მათი პროდუქტის განვითარებას, მუდმივ რეჟიმში აწვდის რჩევებს და ზრუნავს მის ზრდაზე.

აქსელერაციის პროგრამის კულმინაცია კი დემო დღეა, სადაც სტარტაპერები საკუთარ პროდუქტს პოტენციური ინვესტორების წინაშე წარადგენენ. ეს დამატებითი შესაძლებლობაა, მოიზიდონ მეტი კაპიტალი, შეძლონ ფართო მასშტაბებზე გასვლა და ახალი ბაზრების ათვისება.

მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის აქსელერაციის პროგრამა არსებობს. ზოგიერთ მათგანს დიდი კორპორაციები ახორციელებს, ზოგიც ვენჩურული კაპიტალის ფირმების პროექტია, ზოგს კი სახელმწიფო ან სასწავლო დაწესებულებები აყალიბებს. ისინი პროფილითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგალითად, ზოგიერთი ფოკუსირებულია ტექნოლოგიის, ზოგიც კი ჯანდაცვის და სხვა დარგების განვითარებაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი აქსელერაციის პროგრამები ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის?

აჩქარებული ცხოვრების ტემპი ისე არსად იგრძნობა, როგორც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ყოველი ახალი ინოვაცია ნიადაგს უმზადებს ათობით და ასობით სხვა სიახლეს. დღეს ინტერნეტს თითქმის 5 მილიარდი ადამიანი იყენებს, ჭკვიანი ავტომობილების, უსაფრთხოების, სატელეფონო თუ ინფრასტრუქტურულ სისტემებში მუდმივად მზარდი რაოდენობის ინფორმაცია იცვლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში სწრაფი ადაპტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ, თუ მცირე ზომის სტარტაპს ქმნი. ამიტომაც, აქსელერაციის პროგრამები იდეალურ გარემოს სთავაზობენ ტექნოლოგიურ სტარტაპებს იდეების დახვეწის, უკეთესი პროდუქტებისა და სერვისების შექმნისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში თანამოაზრეების და მხარდამჭერების მოსაძიებლად.

შესაბამისად, მზარდია იმ აქსელერაციის პროგრამების რიცხვი, რომლებიც მეტ ყურადღებას ტექნოლოგიურ სტარტაპებს უთმობენ.

როგორ ეხმარება 500 Georgia ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს?

საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგი წლიდან წლამდე ვითარდება, მუდმივად ჩნდება ახალი ინიციატივები, რომლებიც გლობალურ ტექნოლოგიურ ასპარეზზე საკუთარ სიტყვას ამბობენ. მათ შორის შეგვიძლია გავიხსენოთ Cargon, Cardeal, Phubber და სხვები, რომლებმაც ჯამურად ათობით მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდეს. სწორედ ამ კომპანიებმა გაიარეს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს ტოპ 3 აქსელერატორის სიაში მყოფი 500 Global-ის ინიციატივაა საქართველოში.

500 Georgia 2020 წლის თებერვლიდან ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაზე ზრუნავს. პროექტის პარტნიორი კი საქართველოს ბანკი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა.

წლევანდელი პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

Foundations of Growth ორკვირიანი ინტენსიური პროგრამაა, რომელიც ბიზნესის საფუძვლების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

Growth Weeks 8-კვირიანი დისტანციური მუშაობის პერიოდია, როცა სტარტაპები ექსპერიმენტებს ატარებენ მასშტაბირებისა და თანხების მოძიებისთვის. ამ ფაზაში სტარტაპერებს მენტორებთან, მათ შორის 500-ის ფართო ქსელის წევრ მენტორებთან კონსულტაციის შესაძლებლობა აქვთ.

Fundraising-ის 2-კვირიანი ეტაპი თანხების მოძიების სტრატეგიების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და სტარტაპებს ინვესტორების წინაშე წარდგენისთვის, მათ შორის დემო დღისთვის ამზადებს.

Demo Day თბილისში იმართება, სადაც ინვესტორები და პროგრამის პარტნიორები გაერთიანდებიან და სტარტაპერების იდეებს მოისმენენ.

International Immersion კი არის უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეებისთვის,  სტარტაპეპის საერთაშორისო ეკოსისტემაში გაერთიანდნენ და გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს.

500 Georgia-მ უკვე შეძლო, გაეხსნა გზა ქართული სტარტაპებისთვის დიდი ბიზნესისკენ, ექცია საქართველო სტარტაპერებისთვის მიმზიდველ ადგილად და გაემტკიცებინა ქვეყნის პოზიციებია გლობალური ინოვაციების რუკაზე.

500 Georgia_ს აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადში განაცხადების მიღება დაწყებულია, გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები