დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა იცვლება 10 ოქტომბრიდან

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა იცვლება 10 ოქტომბრიდან

05-10-2023 12:00:26

10 ოქტომბერს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით,  დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი.

ვიდრე აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდება და ძალაში შევა საინტერესოა რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოდან არაბთა გაერთიანებული საამიროებში 32,430.94 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 80%-იანი ზრდაა. 2022 წლის 8 თვეში საქართველომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 17,984.46 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 8 თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 244,396.00 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის 8 თვეში კი 142,946.45 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 71%-ია. 

რას ყიდულობს და ყიდის საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: TOP-5 პროდუქტი

ექსპორტი ( TOP-5 შედგენილია პროდუქტის საექსპორტო ღირებულების მიხედვით)

  • მსუბუქი ავტომობილები - 7,893.38 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 5,002.76 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2,779.83 ათასი დოლარი,
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 2,233.25 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 1,840.87 ათასი დოლარი.

იმპორტი ( TOP-5 შედგენილია პროდუქტის საიმპორტო ღირებულების მიხედვით)

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 116,006.28 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 14,857.42 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 12,311.76 ათასი დოლარი,
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 9,971.04 ათასი დოლარი,
  • შაქარი - 9,162.02 ათასი დოლარი. 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%.

მინისტრის თქმით, ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით,  45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).

აღსანიშნია, რომ როგორც სამხრეთ კორეასთან და ასევე ისრაელთან  ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმი. კორეასთან  და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება  იგეგმება 2024 წლიდან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები