დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მეთოდოლოგიით ითვლის „საქსტატი“ ეკონომიკურ ზრდას - აღმასრულებელი დირექტორის განმარტება

რა მეთოდოლოგიით ითვლის „საქსტატი“ ეკონომიკურ ზრდას - აღმასრულებელი დირექტორის განმარტება

18-02-2025 21:00:00

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5 პროცენტით განისაზღვრა. როგორც რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებლები ეფუძნებოდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს. მანვე გადაცემაში ეკონომიკური ზრდის მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ  მათ მიერ დაანგარიშებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ემთხვევა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც ჩვენ სულ ახლახან გამოვაქვეყნეთ დაახლოებით, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა 6.7%-ია და აქედან გამომდინარე, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 9.5% იყო და ეს ეფუძნებოდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს. როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე და მთლიან შიდა პროდუქტზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მიდგომა გვაქვს და რამდენიმე წყაროს ვიყენებთ. ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის შეფასებებისას მთლიანად ვეფუძნებით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს და დეფლირებისთვის ასევე, რეალური ზრდის დასაანგარიშებლად ვიყენებთ სამომხმარებლო ფასებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსებს, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა კვლევის საფუძველზე ვანგარიშობთ. მაგრამ არსებობს კვარტალური და წლიური პერიოდულობის სტატისტიკური კვლევები, რომელიც ჩვენ გვაძლევს მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების შესაძლებლობას. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა, კვარტალურად ეკონომიკის ხუთივე ინსტიტუციურ სექტორს ვიკვლევთ. ეს არის ბიზნეს სექტორი, არაფინანსური კორპორაციების სექტორი, იგივე საფინანსო კორპორაციები, შიდა მეურნეობის მომსახურე კომერციული ორგანიზაციები და ა.შ და ვითვლით იქ დამატებულ ღირებულებას. ეს გახლავთ პრაქტიკულად მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში,  ამას ემატება შემდეგ გადასახადები, აკლდება სუბსიდიები და ვიღებთ მთლიან შიდა პროდუქტს საბაზრო ფასებში და შესაბამისად, ამ წყაროდან მიღებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია, რომ ემთხვევა აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ანუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები