ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო Anigozi • ანიგოზი 7 ქართულ კომპანიასთან ერთად, მუმბაიში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრებით კომპანიის მენეჯმენტი კმაყოფილია და 2025 წლის სეზონზე ქართული კაკლის შეთავაზებასაც ახალი ბაზრებისთვისაც აპირებს.
„2024 წლის მოსავალი უკვე დაბინავებულია, თუმცა ამ გამოფენის ფარგლებში ძალიან საინტერესო კონტაქტები შევიძინეთ და შევთანხმდით, რომ ახალ მოსავალს შევთავაზებთ. დაინტერესება ნამდვილად არის და საკმაოდ კარგი გამოფენა იყო“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „ანიგოზი“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საერთაშორისო გამოფენა MEWA INDIA 2025-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 11-14 თებერვალს გაიმართა.
„MEWA India წარმოადგენს მშრალი ხილის და კაკლოვანი კულტურების სექტორულ საერთაშორისო გამოფენას, რომელიც პირველად 2024 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 300-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ.
ღონისძიების ფარგლებში „ანიგოზმა“ პოტენციურ მყიდველებთან საქმიანი შეხვედრები გამართა და საერთაშორისო კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ „ანიგოზი“ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე უკვე ყიდის და საექსპორტო არეალის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს.
„ანიგოზი“ 2020 წლიდან ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე ზრდა გვაქვს. კომერციული მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად გადამამუშავებლების წარმოებაც ამას მიჰყვება. რაც შეეხება რეალიზაციას, 2024 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა ჩვენი კაკალი, რაც მართლა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყო იმან, რომ კლიმატური პირობები იყო ხელშემწყობი, ფერმერები მაქსიმალურ ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ეწარმოებინათ ხარისხიანი კაკალი, გადამამუშავებლებს უკვე საკმარისი გამოცდილება გვქონდა, რომ სწორი გადამუშავების პროცესით წარმართულიყო პროცესები. ასევე ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმანაც, რომ მსოფლიოში კაკლის მოსავალი შემცირდა და დეფიციტური მდგომარეობა შეიქმნა, რამაც ევროკავშირის ბაზარზე ახალი წარმოშობის კაკლის შეტანა წაახალისა.
შესაბამისად, ევროკავშირში დაიწყო არა მცირე მოცულობებით პროდუქციის გატანა, არამედ სერიოზული მოცულობის კაკლის ექსპორტი.
„ანიგოზმა“ პროდუქციის ექსპორტი განახორციელა იტალიაში და ვაპირებთ, რომ ამ ბაზარზე აქტიური მუშაობა გავაგრძელოთ. სხვა ბაზრები ყოველთვის იყო, ჩვენი მეზობელი ქვეყნები: სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი კვლავ გრძელდება. გალფის ქვეყნები ისევ რჩება ჩვენს სამიზნე საექსპორტო ბაზრებად და გვაქვს ამ მიმართულებით აქტიური ექსპორტი“, - განმარტავს „ანიგოზის“ დამფუძნებელი
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ანიგოზი “ახალგაზრდა ოჯახის მიერ შექმნილი ბიზნესია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს კაკლის ბაღების გაშენებასა და მოვლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საწარმოს მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და პირველი მოსავალი 2021 წელს გადამუშავდა. „ანიგოზი“ ერთ-ერთი პირველი მაღალი წარმადობის კაკლის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელმაც პირველად საქართველოში შესთავაზა ფერმერებს მათი ნედლეულის გადამუშავება ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ტექნოლოგიით.
საწარმო იბარებს ნედლეულს მოსავლის აღებიდან 48 სთ-ის განმავლობაში, რათა გადამუშავებული პროდუქტი იყოს უმაღლესი ორგანოლეპტიკური და ვიზუალური თვისებების მქონე.
„ანიგოზის“ გუნდი უწევს კონტროლს წარმოების სრულ ჯაჭვს - ბაღიდან საბოლოო მომხმარებლამდე. წარმოების პროცესში კომპანია იცავს ყველა საერთაშორისო სურსათის უვნებლობის მოთხოვნას, რომელიც გათვალისწინებულია უმაღლესი სტანდარტებით.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა