დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ორი მიკრობანკისთვის სექტორის მოცულობის ₾1 მილიარდამდე ზრდა ამბიციური, თუმცა რეალისტურია - „კრისტალის“ გენერალური დირექტორი

ორი მიკრობანკისთვის სექტორის მოცულობის ₾1 მილიარდამდე ზრდა ამბიციური, თუმცა რეალისტურია - „კრისტალის“ გენერალური დირექტორი

20-02-2025 15:50:00

ორი მიკრობანკისთვის 1 მლრდ ლარი ამბიციური, თუმცა რეალისტურია, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან მიკრობანკ „კრისტალის“ გენერალური დირექტორი Scope Ratings-ის პროგნოზს, საქართველოს მიკრობანკების ბაზრის სწრაფად ზრდასთან დაკავშირებით. 

წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings-ის გათვლებით საქართველოში მიკრობანკების სექტორი სწრაფად გაიზრდება და 1 მილიარდი ლარის მოცულობის წლიურ ზრდას აჩვენებს.

„მიუხედავად მოლოდინისა, რომ მიკროსაფინანსო სექტორთან (რომელიც 2024 წლის სექტემბრისთვის 2.3 მილიარდს შეადგენდა) შედარებით მიკროსაბანკო სექტორი უფრო მცირე ზომის იქნება, გვჯერა, რომ უფრო დიდი მოცულობის სესხების გაცემის შესაძლებლობის ხარჯზე მიკროსაბანკო სექტორი სწრაფად გაიზრდება. დაკრედიტების მოცულობის 20%-იანი წლიური ზრდის დაშვებით, 2026 წლისთვის შესაძლოა სექტორის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია Scope Ratings-ის სტატიაში.

„კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია ფიქრობს, რომ აღნიშნული მაჩვენებლები მიღწევადია, მით უმეტეს თუ მხოლოდ კრისტალი წლის ბოლოსთვის 617 მლნ-იან მაჩვენებელზე გავა. 

„2025 წელს ჩვენ პორტფელის 15-17%-მდე ზრდას ვგეგმავთ, რაც მხოლოდ „კრისტალს“ წლის ბოლოს 617 მლნ-მდე მიიყვანს.  რას იზამს „ემბისის”, არ ვიცი, მას თავისი გათვლები ექნება.

მომავალ წელსაც ანალოგიური ზრდა იქნება, შეიძლება ცოტა უკეთესიც და შესაბამისად,  გათვლები რეალისტურია. ორი კომპანიისთვის, 1 მლრდ ლარი ამბიციური, თუმცა რეალისტურია. 

მიკრობანკობა მარტივი ამბავი არ არის. ჯერ ერთი, რომ პორტფელის კოვენანტებია საკმაოდ მკაცრი, ეს არის ბიზნესი და აგრო პორტფელი მინიმუმ 50% უნდა იყოს. ამ ეტაპზე ჩვენ რასაც ვუყურებთ,  მაქსიმუმ ერთ კომპანიას ჰქონდეს ამის დაკმაყოფილების საშუალება, ვგულისხმობ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. კომერციული ბაკნები არა მგონია ქვემოთ ჩამოსვლით და მიკრობანკობით დაინტერესდნენ. მიკრობანკის ლიცენზიის მიღება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის ლიცენზიაზე განაცხადის შეტანა, განხილვა სების მიერ და ასე შემდეგ. მე პირადად, წელს მესამე მიკრობანკის გამოჩენას არ ველოდები, თუმცა,  არ გამოვრიცხავ.

კონკურენციას რაც შეეხება, ჩვენ ძირითადად მიკროსაფინანსოებთან და კომერციულ ბანკებთანაც ვიქნებით კონკურენციაში. ჩვენი უპირატესობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ რაც აქამდე მიკროსაფინანსოებს ჰქონდათ შეზღუდვები, ბანკის ლიცენზიასთან ერთად,  ეს თემა მიკრობანკებისთვის  მარტივდება და უკვე შეგვიძლია გვქონდეს დეპოზიტები,  კლიენტების ანგარიშები,  ბარათები, სხვადასხვა , მრავალფეროვანი,  ახალი პროდუქტები და შეთავაზებები და ა.შ. აქ მართლა სერიოზული პლუსები გვემატება.

რითაც კრისტალი ამ ბაზარზე ძლიერი იყო,  ეს არის უშუალოდ მიკროსაფინანსო ბაზრის კარგი ცოდნა. ასევე, რისკების სწორი შეფასება.  შესაბამისად, სწორი შეთავაზება მომხმარებლისთვის  და  მომსახურების მაღალი ხარისხი. განსაკუთრებით რეგიონებში,  ჩვენ კარგად და პოზიტიურად გვიცნობენ და ამ მიმართულებას, მომხმარებელზე ორიენტირებულობას კვლავ ვაგრძელებთ.

ახალ სეგმენტში, სადაც ჩვენ შევდივართ,  ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი და ცხადია, ჩვენთვის აქ უფრო მძაფრი იქნება კონკურენცია“, - აცხადებს ილია რევია. 

„საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ Scope Ratings-ის პუბლიკაციაში.

სტატიაში საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების საკანონმდებლო ჩარჩოსთან შედარებით მიკრობანკების ჩარჩოს უპირატესობაზე, რაც სესხის გაცემის გაზრდილ ლიმიტს შეეხება.

Scope Ratings-ის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელი ალვარო დომინგეს ალკალდე აღნიშნავს, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით, მიკრობანკები უფრო მკაცრ მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან, რამაც უნდა შეამციროს კრედიტორთა რისკები და შესაბამისად, დროთა განმავლობაში, მიკრობანკებისთვის დაფინანსების ხარჯები. 

ავტორი იმასაც ვარაუდობს, რომ მიკრობანკების სექტორი სწრაფად გაიზრდება და 1 მილიარდი ლარის მოცულობის წლიურ ზრდას აჩვენებს.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენა. საქართველოს ეროვნულ ბანკს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მკაცრი, ერთწლიანი ვადა აქვს განსაზღვრული. აღსანიშნავია ისიც, რომ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელახლა გააკეთონ განაცხადი შეზღუდვების გარეშე.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები