დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები აფერხებს რძის წარმოების განვითარებას - კახა კონიაშვილის შეფასება

რა ფაქტორები აფერხებს რძის წარმოების განვითარებას - კახა კონიაშვილის შეფასება

02-04-2024 11:10:00

სანედლეულო კუთხით თუ შევხედავთ, პრობლემები არსებობს, რადგან ჩვენი ქვეყანა რძის წარმოების თვალსაზრისით, სეზონებზეა დამოკიდებული. გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე გვაქვს ჭარბი წარმოება, შემოდგომა-ზამთარში კი დეფიციტი, რის გამოც ქვეყანაში რძის ფხვნილის იმპორტის მაჩვენებელი იზრდება, - ამბობს Business Insider Georgia-სთან რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი. 

ამასთან, კონიაშვილი აღნიშნავს, რომ როცა რძის ფხვნილის ფასი მაღალია ნაკლები ოდენობით შემოდის ქვეყანაში და ადგილობრივ ბაზარზე რძე ძვირდება, რადგან მოთხოვნა იზრდება.

„როცა საერთაშორისო ბაზარზე რძის ფხვნილი იაფია, ქვეყანაში რძის ფხვნილი ჭარბი რაოდენობით შემოდის და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს გაუკონტროლებელი ბაზარი რომელიც ქვეყანაში არსებობს, არარეგისტრირებული საწარმოები თითქმის 100%-ით გადადიან რძის ფხვნილით წარმოებაზე და შესაბამისად დარგის დეგრადაციას იწვევს“, - ამბობს კონიაშვილი. 

მისი თქმით საჭიროა კონტროლი, რათა მივიღოთ ჯანსაღი კონკურენცია და მიმზიდველი ბაზარი გარე და შიდა ინვესტორისთვის, იმისთვის, რომ  ამ მიმართულებით მეტი ფული ჩაიდოს, განვითარდეს ინდუსტრიული ფერმები, რომლებიც ხარისხიან რძეს გადამამუშავებელ საწარმოებს სტაბილურად მიაწვდიან. 

რაც შეეხება ადგილზე წარმოებული ნედლი რძის მაღალ ფასს, კონიაშვილი ამბობს, რომ ფასის დინამიკაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. 

„რთული მდგომარეობაა ნედლი რძის წარმოების თვალსაზრისით. რომ ავიღოთ ინდუსტრიული ფერმები, რომლებიც რძეს სტაბილურად აწარმოებენ ზაფხულის განმავლობაში, მათი ხვედრითი წილი 3-5%-ს შეადგენს. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ ამის მიუხედავად მოთხოვნა ძალიან დიდია გადამამუშავებელი საწარმოების მხრიდან, რადგან ისინი ფერმებისგან სტაბილურად ყიდულობენ რძეს. ამ მეწარმეებს დომინანტური მდგომარეობა უჭირავთ, რადგან ნედლეულზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად რძე ძვირდება. 

გარდა ამისა საქართველოში არ არის კარგად განვითარებული პირუტყვის საკვების წარმოება. ფერმერების დანახარჯები ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალია. სესხის მომსახურების პროცენტიც მაღალია, რაც ნედლი რძის თვითღირებულებას ისედაც ზრდის და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ მაღალ ფასს  რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის გაუკონტროლებელი ბაზარი, რომელიც  დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს, რადგან  რძის წარმოება სტაბილურად დიდი რაოდენობით უნდა მოხდეს, რომ ფასი დაბლა წამოვიდეს“, - ამბობს კონიაშვილი.  

2022 წელს, საქართველომ 547,3 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობის პორტალის მიხედვით, გასულ წელს რძის წარმოების მაჩვენებლით ქვემო ქართლი პირველია, ხოლო ყველაზე ძვირი 1 ლიტრი რძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ღირს.  

რძის წარმოება რეგიონების მიხედვით: 

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 75,2 მილიონი ლიტრი; 
  • რაჭა-ლეჩხუმი - 6,3 მილიონი ლიტრი;
  • იმერეთი - 110,7 მილიონი ლიტრი;
  • გურია - 23,9 მილიონი ლიტრი;
  • აჭარა - 29,2 მილიონი ლიტრი;
  • შიდა ქართლი - 37,9 მილიონი ლიტრი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 73,9 მილიონი ლიტრი;
  • ქვემო ქართლი -125 მილიიონი ლიტრი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 17,5 მილიონი ლიტრი;
  • თბილისი - 6,2 მილიონი ლიტრი;
  • კახეთი - 59 მილიონი ლიტრი. 

(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ფასები - რეგიონების მიხედვით - 1 ლიტრი რძის ღირებულება:

  • სამცხე-ჯავახეთი 1 ლიტრის ფასი - 1,4 ლარი;
  • შიდა ქართლი - 1,8 ლარი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2,0 ლარი;
  • ქვემო ქართლი - 1,5 ლარი;
  • კახეთი - 1,7 ლარი

(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები