დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი  - Kass Group

რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი - Kass Group

19-02-2025 10:00:00

თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის ობიექტად ქცევის პროექტს კი კომპანია Kass Group-ი ახორციელებს, სადაც Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ პროექტირების პროცესმა დაგეგმილზე ცოტა მეტი დრო წაიღო, თუმცა მისი დასრულების ვადების გადახედვა დღის წესრიგში არ დგას.

„პროექტირების ეტაპზე ვართ. საბჭოსთან შეთანხმებით კორექტირებული ვერსია წარვადგინეთ და პროექტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. შესაბამისი რენდერის მიხედვით ვახორციელებთ უკვე პროექტის ტექნიკურად დამუშავებას“, - განმარტავს Kass Group-ი დირექტორი ეკატერინე თოდრია.

მისივე თქმით, თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტირებაზე ცნობილი არქიტექტურული კომპანია „დემარკი“ მუშაობს. 

„პროექტის შემუშავებაში მონაწილეობს არქიტექტურული კომპანია „დემარკი“ და ასევე პროცესში ჩართულები არიან სატელევიზიო ანძის მთავარი ინჟინრები „შიმანოვსკის ინსტიტუტიდან“, უკრაინა. ისინი ჩართულები არიან პროექტის ექსპერტიზის და მოწონების მიმართულებით. 

პროექტირებამ ცოტა მეტი დროს წაიღო, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დასრულების ვადები იქნება გადასახედი. მთავარია, რომ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა და თვითონ მშენებლობის ორგანიზება განსაზღვრულ დროში მოესწრება“, - აცხადებს  ეკატერინე თოდრია.

Kass Group-ი დირექტორის გათვლებით კი კომპანია მშენებლობის ნებართვას უკვე, დაახლოებით, 2 თვეში აიღებს.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას,  Kass Group-ის ხელმძღვანელის თქმით, საინვესტიციო თანხა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კომპანიას საბოლოო პროექტი და მშენებლობის ნებართვა ექნება.

პროექტი, რომელიც კომპანია Kass Group-მა უნდა განახორციელოს მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით.

„პროექტის პირველადი ვერსია მომზადებული იქნა ესტონური საკონსულტაციო კომპანიის „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციის და კვლევების შესაბამისად. ხოლო შემდგომ, კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და დეტალური პროექტირების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაიხვეწა პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში 2024 წლის ნოემბერში განუცხადეს.

ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, თუმცა კომპანიის განცხადებით, პროექტზე დაიხარჯება გაცილებით მეტი მოცულობის თანხა. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 2027 წლის მარტის ბოლოა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას, იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხდება დღეისათვის.


პროექტი ხორციელდება ასევე ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით. კერძოდ, სატელევიზიო ანძა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს - საქართველოს ტელერადიოცენტრის საკუთრებას.
„როგორც აღვნიშნეთ, ოპერირების ფაზა მოიცავს სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 25 წელს. ამ ვადის განმავლობაში კომპანიის მიერ შენარჩუნებული იქნება საქმიანობის პროფილი და სატელევიზიო ანძა იფუნქციონირებს პროექტით გათვალისწინებული დატვირთვით და ფუნქციით“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ  Kass Group-ის პროექტია ასევე KASS LAND  წალკის კანიონი • Tsalka Canyon.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები