12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა.
„არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, 55 მლნ ევრო გამოიყოფა. სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი; შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაუმჯობესდება მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა; განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები; შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები; მომზადდება პროექტები დანარჩენი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს ე.წ. მოკლე სია (Short list) და ტენდერი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, რომელიც ფინანსური წინადადებების განხილვასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას გულისხმობს.
„გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაციასა და იქ არსებულ ვითარებაზეც გააკეთა განმარტება.
მისი ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა. ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.
„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ავლაბრის მეტროსადგურს, მეტროსადგურის გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის დემონტაჟის დაწყებისას, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდებარეობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა გამოიკვეთა, რამაც ზედა ვესტიუბულის პროექტის კორექტირების აუცილებლობა გააჩინა.
კახა კალაძის თქმით, ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაცია აგვისტო- სექტემბერისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ EBRD-ის დაფინანსებით თბილსის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-29 წლებში განხორციელდება და €55 მილიონი გამოიყოფა.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი