დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს

„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს

07-04-2025 17:00:00

„ოქროველის“ ბრენდით ტყის ღვინო მაღალმთიან აჭარაში 2021 წლიდან იწარმოება. კომპანიის ამჟამინდელი ფოკუსი ახალი ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „ოქროველის“ დამფუძნებელმა ზანდა მესხიძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის მიზანი, ტყის მოცვის უნიკალური სასმლის ხელმისაწვდომობაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ავთენტური, ქართული პროდუქციით.

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

მიმდინარე ეტაპზე ჩვენი ძირითადი ფოკუსი ახალი ბაზრების ათვისებაზეა მიმართული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვცდილობთ ჩვენი პროდუქტის პოზიციონირებას, განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე, სადაც ტურისტული ნაკადი მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ სიახლეებზე არ ვსაუბრობთ, ვახდენთ პროდუქტის პოპულარიზაციას ახალი სადისტრიბუციო არხების მეშვეობით და ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ რესტორნებთან და სარეალიზაციო ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, ტყის მოცვის უნიკალური სასმელი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ავთენტური, ქართული პროდუქციით.

როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა?

ბოლო წლებში ნატურალური და ადგილობრივი პროდუქტებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტყის მოცვის სასმელი, როგორც უნიკალური შეთავაზება ბაზარზე, თანდათან იპყრობს მომხმარებლების ყურადღებას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტურისტების მხრიდან ინტერესის ზრდა, რომლებიც ეძებენ ავთენტურ, ქართულ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ რესტორნებისა და სპეციალიზებული მაღაზიების მხრიდანაც იზრდება მოთხოვნა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოება მცირე მასშტაბიანია, ვხედავთ რომ ხარისხიანი, ნატურალური პროდუქციის ნიშა სულ უფრო მზარდია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტის უნიკალურობა და წარმოების ავთენტურობა. ტყის მოცვის სასმელი, რომელიც ღვინის ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებულ გემოვნურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, არის ჩვენი გამორჩეული ნიშა.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ველურ ტყის მოცვს, რომელიც მოპოვებულია მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივ გარემოში. ეს უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ანტიოქსიდანტურ აქტიურობას და გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს.

მესამე უპირატესობა არის  -  "ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომა", ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ნედლეულს და მცირე წარმოება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული ბოთლი შევაფასოთ - ხარისხი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. 

რა გეგმები აქვს კომპანიას 2025 წელს?

2025 წლისთვის ვგეგმავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს. პირველ რიგში, გვსურს გავაფართოოთ თანამშრომლობა ჰორეკა სექტორთან და სპეციალიზებულ მაღაზიებთან. ასევე, ვმუშაობთ ექსპორტის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ევროპის ბაზარზე, სადაც ნატურალური და უნიკალური ალკოჰოლური სასმელების მიმართ მაღალი ინტერესია.

განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2025 წლისთვის  გვინდა ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან თანამშრომლობის დაწყება, რათა ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მომხმარებლისთვის საქართველოს მასშტაბით. ამ კუთხით მზად ვართ აქტიური კომუნიკაციისთვის პოტენციურ პარტნიორებთან და ვმუშაობთ ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაზე.

ჩვენი ძირითადი მიზანია პროდუქციის ხარისხის შენარჩუნება და კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერება. ვგეგმავთ მცირე დეგუსტაციების ორგანიზებას შერჩეული პარტნიორების მეშვეობით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაიცნონ ჩვენი უნიკალური პროდუქტი. ვფიქრობთ, რომ 2025-2026 წლები იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოქროველის ბრენდის განვითარების და პოპულარიზაციის გზაზე.

ცნობისთვის, „ოქროველი“ არის პატარა საოჯახო წარმოება, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს ტყის მოცვის ნატურალური წვენისგან, სასიამოვნო და სასარგებლო სასმელს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ველური მოცვის ღვინო გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური მაჩვენებლებით და არის სრულად ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები