დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი - დეტალები

როგორ ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი - დეტალები

07-04-2025 18:04:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მალე რეალობად იქცევა და შუა დერეფანში ქვეყნის როლი კიდევ უფრო გაიზრდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შეძლებს გაცილებით დიდი ზომის გემები მიღებას, რისი საშუალებაც არც ბათუმის და არც ფოთის პორტებს დღეს არ აქვთ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და შეასრულებს ჰაბის ფუნქციას, რასაც ქვეყანა დიდი ხანია ელოდა. იყო ჰაბი ნიშნავს იყო სასურველი ინვესტიციებისთვის, სასურველი ინვესტორებისთვის და ბიზნესებისთვის. ანაკლიის პორტი ხომ მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურა არ იქნება, მას მოჰყვება თანმდევი ლოგისტიკური პროექტების განვითარება და მშენებლობა, რაც გაზრდის როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე დასაქმების მაჩვენებლებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ფაზაშია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.

პორტის განვითარების მომდევნო ფაზები კი არამხოლოდ კონტეინერების, არამედ მშრალი და ნაყარი ტვირთის მომსახურებასაც ითვალისწინებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და მის ამოქმედებას არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ევროპის სახელმწიფოები და ძირითადი ტვირთმბადი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი, განსაკუთრებული ყურადღებით ელოდება. მისი თქმით, ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში გაშვებით საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი გახდება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და გლობალური მოწოდების ჯაჭვში ჩვენი ქვეყანა პოზიციებს მნიშვნელოვნად ამაღლდება.

გურამ გურამიშვილის განმარტებით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის სტრატეგიულ პროექტში სწორედ საქართველოს სახელმწიფო იქნება გადაწყვეტილების მიმღები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას შეეძლება თავისი სატრანსპორტო პოლიტიკა თამამად განახორციელოს.

ცნობილია, რომ პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, ნავსადგურის მიმდებარედ იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა და თავისუფალი სამრეწველო საწარმოო ლოგისტიკური ზონის განვითარება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.

„ანაკლიის პორტის პროექტი განსაკუთრებულია, მათ შორის, ჩვენი კომპანიისთვის. ეს არის ვიზიონერული შორსმჭვრეტელი პროექტი, რომელიც რეგიონში ვითარებას შეცვლის. პროექტის მეშვეობით შუა დერეფანი, რომლითაც აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, უფრო ეფექტური იქნება. ამდენად, ჩვენი კომპანია, Jan De Nul -ი იქაა, სადაც უნდა იყოს,“ - განაცხადა Jan De Nul - ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.

მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul - ი, რომელიც მონაწილეობდა ისეთი გლობალური პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა პანამის არხის გაფართოება, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი მაროკოში, ნადორში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო, ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღმტეხელის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც კომპანიის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ანაკლიაში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების პროექტი სრული სვლით მიმდინარეობს.
„ჩვენ ასევე ვართ კომპანია, რომელიც ცვლის ვითარებებს და გვინდა ვიყოთ ამ პროექტის ნაწილი. ჩვენი კომპანია საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გლობალური ლიდერია. გვაქვს დიდი გამოცდილება ტალღმტეხელების მშენებლობასა და სანაპიროს ზოლის დაღრმავებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ანაკლიაში ამ ახალი პორტის განვითარების ნაწილი“, - აღნიშნა ტიმ დევოლდერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურში საზღვაო სამუშაოები, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, კონტრაქტის თანახმად, დაახლოებით 3 წელში დასრულდება. ქართველ პარტნიორებთან ერთად, პორტის საზღვაო აკვატორიის მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეარჩია.


როგორც კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღმტეხელის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მისი თქმით, მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება.


ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შემოდის სამშენებლო ტერიტორიაზე და ხდება ქვის ლოდების მომარაგება. უკვე მოეწყო და მაისის თვეში ექსპლუატაციაში შევა ბეტონის სხვადასხვა კუბატურის ე.წ. „იქს ბლოკების" წარმოების პოლიგონი და შესაბამისად ტალღმტეხელისთვის საჭირო სამშენებლო მასალების წარმოება ადგილზე/სამშენებლო მოედანზე განხორციელდება. მისი თქმით, დანიის სამეფოს დედაქალაქში - ქალაქ კოპენჰაგენში არსებულ DHI-ს ლაბორატორიაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება.


„ამჟამად მიმდინარეობს მომავალი პორტის ტერიტორიაზე საჭირო ოდენობის სამშენებლო მასალების დასაწყობება, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესს ხელი არ შეეშალოს და დაახლოებით 1,5 კმ-ის ტალღმტეხელის მშენებლობა საპროექტო ვადებში დასრულდეს. ასევე დაგეგმილია ნავსადგურში შემომავალი არხის მაქსიმალური დაღრმავება, რათა დიდი მოცულობის გემები შემოვიდნენ და ამ მიზნით დაგეგმილია 10 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოღება," - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.


კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც სახელმწიფო შეარჩევს საერთაშორისო პარტნიორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, ნავსადგურის აკვატორიაში საზღვაო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებული იქნება.

 

„იმისათვის, რომ საქართველო უფრო კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი გია წიფურია აკეთებს. მისი თქმით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გაზრდის კონკურენციას და იმავდროულად დაიწევს პორტში მომსახურების ტარიფებიც. მისი გათვლებით, საზღვაო ფრახტი მინიმუმ 25%-ით შემცირდება.

„​უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ თუ რა გაგვაჩნია. დღეისთვის ჩვენი მთავარი პორტი არის ფოთის პორტი, რომელიც მცირე ზომის გემებზეა გათვლილი. მაგალითისათვის, საკონტეინერო გემები, რაც ისტორიულად ყველაზე დიდი შემოსულა, ეს იყო თუ არ ვცდები 2016 წელს, რომელიც 2500 კონტეინერს იტევდა. ეს არის მეტად მცირე. მერწმუნეთ, რომ როტერდამში 5000-იანზე ნაკლებს ვერ ნახავთ. ანუ კარგ პორტებში, მაღალი ტვირთამწეობის პორტებში ამ ზომის კონტეინერმზიდი გემები, რომლებიც 1000 და 1500 კონტეინერზეა გათვლილი პრაქტიკულად არ მოიხმარება. როდესაც პორტში მაღალი სიმძლავრის გემი შემოდის, ამ შემთხვევაში კონტეინერის თვითღირებულება მცირდება და თუ როგორც გეგმებია, რომ 9000-მდე ტვირთამწეობის გემები იმოძრავებს, ეს მინიმუმ 25%-ით შეამცირებს საზღვაო ფრახტს. რაც კონკურენტუნარიანობისთვის უპირველესი მაჩვენებელია. დღეისათვის თუ ტერმინალ ჰენდლი ჩარჯი, სადღაც 500 დოლარზე მეტი, ამან უნდა დაიწიოს, თუ კი გვინდა, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. კონკურენტუნარიანობა მიიღწევა კიდევ შიდა კონკურენციით, დღეისათვის ბათუმის 20%-ი და ფოთის 80%-ი კონტეინერ ბრუნვა არ შეიძლება განხილულ იყოს კონკურენციად. ეს პროგრესს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი დაიწევს ტერმინალის, ანუ მომსახურების ხარჯი და დაიწევს თვითონ ფრახტის ღირებულება.

აქ თუ დაბალი იქნება ტარიფი ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სრულ გამჭოლ ტარიფზე და იქნება უფრო კონკურენტუნარიანი. დღეისათვის შუა დერეფანი დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე და მას ხელს უწყობს ის პოლიტიკური დაძაბულობა, რაც ერთის მხრივ უკრაინა-რუსეთს შორისაა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდულია საერთაშორისო ტვირთბრუნვა, რუსეთს აქვს სანქციები. ეს ყველაფერი განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობა. სწორედ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალა გავხადოთ, მშვიდობის პერიოდშიც კი, საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც რეგიონს გამოადგება, როგორც მთავარი მომმარაგებელი. შავ ზღვაში არც ერთი პორტი არ არის კომფორტული. განვიხილოთ საბორნე მიმოსვლა. ერთადერთი ჩერნომოსრსკში იყო ნორმალურთან მიახლოებული ინფრასტრუქტურა. დანარჩენი არსად, არც რუმინულ პორტებში, არც ბულგარულ პორტებში, არც ქართულში არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურა საბორნე მიმოსვლისთვის კარგი და მოქნილი იყოს, ასევე სახაზო გემებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაქსიმალურად გამართული. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პორტებით, რომლებიც არის ღრმაწყლოვანი და რომელსაც აქვს საშუალება, რომ თავიდანვე ჰქონდეს ინფრასტრუქტურა მიზნობრივად და იყოს გათვლილი იმ მასშტაბებზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში გვაქვს“, - აცხადებს გია წიფურია.

„უკვე ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი რესურსები და ეს რესურსი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მიიღებს, დაამუშავებს და გაუშვებს ტვირთებს“, - ამბობს საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი. გივი თხელიძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვები 60%-ითაა გაზრდილი და საჭიროა უფრო დიდი ინფრასტრუქტურა, რათა ტვირთების მიღებაც და გადამუშავებაც უფრო ეფექტურად და სწრაფად განხორციელდეს.

„მოცემული მომენტისთვის ტვირთნაკადის გაზრდამ იმოქმედა როგორც ჩვენზე, ისე რიგ ქვეყნებზე. ეს როგორც შესაძლებლობაა, ასევე დიდი გამოწვევაც აღმოჩნდა. საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, რომელიც მოიცავს სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის რიკოთის მონაკვეთი დასრულება და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება. საპორტო ინფრასტრუქტურა რაც შეეხება, საპორტო ინფრასტრუქტურაში გაქვს ასეთი მოცემულობა, რომ 2021 წლიდან მოყოლებული 60%-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები. ანუ უკვე ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი რესურსები. ეს რესურსი იქნება ანაკლია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მიიღებს, დაამუშავებს და გაუშვებს ტვირთებს.

როგორც ექსპედიტორო გეტყვით, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა ერთდროულად მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ტვირთი და გადავამუშაოთ უფრო მეტი რაოდენობის ტვირთი. და არ დაიკარგოს დრო გემის გასვლა, შემოსვლაში და მიწოდებაში“, - აცხადებს გივი თხელიძე.

საგულისხმოა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის ასე გამოიყურება:

· ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და მონაცემები დამუშავდა კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია ,,Royal HaskoningDHV” ერთად, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია ზღვის ფსკერის დაღრმავების და მშენებლობის პროექტირებაზე;

· ხორციელდება ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა;

· დანიის სამეფოს დედაქალაქში - ქალაქ კოპენჰაგენში არსებულ DHI-ს ლაბორატორიაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება;

· სამშენებლო ტერიტორიაზე ზღვაში ჩასაწყობის ქვის ლოდების შეტანის მიზნით, განხორციელდა შესაბამისი აქტივობები - სამშენებლო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სასწორები, რომლის მიხედვითაც სასწორების ოპერატორების დახმარებით ხდება ქვის ლოდების აწონვა, შესაბამისი აღრიცხვა და დასაწყობება;

· მოეწყო და მაისის თვეში ექსპლუატაციაში შევა ბეტონის სხვადასხვა კუბატურის ე.წ. ,,იქს ბლოკების” (Xblocs) წარმოების პოლიგონი და შესაბამისად ტალხმტეხელისთვის საჭირო ,,იქს ბლოკების” წარმოება განხორციელდება ადგილზე/სამშენებლო მოედანზე;

· განხორციელდა სამშენებლო-ბანაკის მოწყობის სამუშაოები - გარე განათების ბოძების და კამერების მონტაჟი იმისთვის, რომ უწყვეტ რეჟიმში დღეც და ღამეც შესაძლებელი იყოს მუშაობა;

· მოეწყო დროებითი შესაბამისი აღჭურვილობის მქონე სამუშაო სივრცეები (მ/შ საოფისე ფართები), როგორც მშენებელი კომპანიისთვის და ზედამხედველი ინჟინრებისთვის, ასევე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებისთვის;

· შემოიღობა და დაცვის მიერ კონტროლდება სამშენებლო ტერიტორია;

· სამშენებლო ტერიტორიაზე მოსწორდა გრუნტის ზედაპირი და მოეწყო სამიმოსვლო გზა;

· სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელ ქუჩაზე დაიგო ასფალტი (დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრზე);

· შეყვანილ იქნა კომუნიკაციები (წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და სხვა).

მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავასადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება, ამ ეტაპისთვის დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შემოდის ტერიტორიაზე, ამინდის გაუმჯობესების პარალელურად იგეგმება ქვის ლოდების მიღების მიზნით სამუშაო საათების გაზრდა რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ქვის ლოდების მომარაგება და შესაბამისად მშენებლობის ტემპები.

ცნობილია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები