დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს

პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს

13-12-2023 12:28:12

საქართველოს პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დღეს მესამე მოსმენით განიხილავს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს პირადად ფინანსთა მინისტრი წარუდგენს. ბიუჯეტის მოსმენა საპარლამენტო სესიაზე 14 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა დღის წესრიგი შეიცვალა და მისი განხილვა დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩაინიშნა.

რაც შეეხება დღესვე მოხდება თუ არა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს. საპარლამენტო განხილვების დროს გამოთქმული წინადადებების ნაწილი აისახა საქართველოს პარლამენტის დასკვნაში და შესაბამისად მთავრობის მიერ მოხდა აღნიშნულ დასკვნაში არსებული შენიშვნებისა და წინადადებების გაანალიზება. ამავდროულად, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის წარდგენის შემდგომ დაზუსტდა 2024 წლის ფისკალური რესურსის მოცულობა და მისი ზრდის შესაძლო წყაროები. განახლებული ფისკალური რესურსი აისახა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში და გადანაწილდა როგორც პარლამენტის დასკვნაში წარმოდგენილ წინადადებებზე, ასევე სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.

2024 წლის ბიუჯეტიც დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს;

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც;

საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8%-ს შეადგენს;

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 86,0 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,8 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს;

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,0%-ის ფარგლებშია.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განსაზღვრული იყო 21 942,3 მლნ ლარის ოდენობით, რაც იძლეოდა საშუალებას 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად განსაზღვრულიყო 27,5 მლრდ ლარის ფარგლებში. ბიუჯეტის მეორე ვარიანტის წარმოდგენის შემდგომ დამატებით გაანალიზდა საფინანსო სექტორის მონაცემები და გადაანგარიშებულ იქნა მათ მიერ 2024 წელს ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადი. არსებული მონაცემების მიხედვით, საფინანსო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის სავარაუდო მოცულობა მიაღწევს 900,0 მლნ ლარს, რაც 100,0 მლნ ლარით გადამუშავებულ ვარიანტში არსებულ გეგმიურ მაჩვენებელს. ასევე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში მცირე, საგადასახადო შემოსავლების შესრულების გაანალიზების საფუძველზე მცირე კორექტირებებია საგადასახადო შემოსავლების სახეებში და ჯამურად საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი იზრდება 110,7 მლნ ლარით. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მოგების განკარგვის თაობაზე, კერძოდ, კომპანია 50,0 მლნ ლარს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდის სახით, ხოლო 22,0 მილიონ ლარს მიმართავს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების დასაფინანსებლად. ჯამში საგადასახადო შემოსავლების განახლებული მაჩვენებლის და დივიდენდის ზრდის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 160,0 მლნ ლარზე მეტით და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს 28,7 მლრდ ლარს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები