დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ოჯახური“ წარმოების ზრდას და საექსპორტო არეალის გაფართოებას აპირებს

„ოჯახური“ წარმოების ზრდას და საექსპორტო არეალის გაფართოებას აპირებს

30-01-2025 12:00:00

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე სუნელების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო არეალის გაფართოებასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და PR მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განუცხადა, „ოჯახურის“ სუნელებზე მზარდი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე უცხოეთიდან, რასავ კომპანიაში ადეკვატურად პასუხობენ და წარმოების ზრდას გეგმავენ.

„როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთიდან ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა ქართულ და ნატურალურ პროდუქციაზე. ვინაიდან, საერთაშორისო ბაზარი არის ძალიან დიდი, ამისთვის ვგეგმავთ, რომ შევიძინოთ სხვადასხვა დანადგარები, რომელიც კომპანიას შეუწყობს ხელს რომ იმხელა რესურსის და მარაგის პროდუქცია აწარმოოს, რომ სხვადასხვა საექსპორტო ბაზრები მოთხოვნის შესაბამისად დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს ჩვენთვის პრიორიტეტია სტაბილურობა და გაყიდვების მინიმუმ 10%-ით ზრდა.

ამ ეტაპზე ძალიან ბევრი საექსპორტო ქვეყანა გვყავს კერძოდ: ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, ინგლისი აქტიური პარტნიორები არიან. კომპანია 15 წელია უკვე არსებობს და ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ ჩვენი ექსპორტიორები. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ დავამატოთ ახალი დანადგარები, რომ უფრო მარტივი იყოს წარმოების პროცესი და დანადგარმა უფრო დიდი რაოდენობის და მოცულობის ნედლეულის წარმოება შეძლოს“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

რაც შეეხება 2024 წელს, კომპანიაში ამბობენ, რომ საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით სავსე წელი იყო.

„2024 წელი შრომატევადი წელი იყო, ისევე როგორც ყველა წელი - აქტიური და გამოწვევებით სავსე. შემიძლია რამდენიმე აქტიური კამპანია გამოვყო. ერთ-ერთი ჩვენი მიმართულება, რომელიც ვცადეთ 2024 წელს და შედეგებმა დაგვანახა, რომ ძალიან კარგია და ამ მხრივ წელსაც უნდა გავაგრძელოთ აქტიურობა, ეს იყო ჩვენი „გლოვოსთან“ თანამშრომლობის პერიოდი. რამდენიმე თვიანი კამპანია ჩავუშვით. ვინაიდან, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომია მარკეტებში და მომხმარებელმა, სადაც ნაბიჯი არ უნდა გადადგას ყველა ქსელურ მარკეტში შეუძლია ჩვენი პროდუქციის შეძენა ვფიქრობ, რომ მაინც სიახლე იყო მათთვის ონლაინ გამარტივებოდათ სასურველი პროდუქციის შეძენა. ვცადეთ „გლოვოსთან“ თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ სხვა მარკეტებიც ონლაინ მარკეტებიც, Delivery სერვისებიც დავტესტოთ ამ წელს. იცით, რომ ხშირად ვიღებთ მონაწილეობას საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებში და ღონისძიებებში. ფრანკფურტში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და ე საინტერესო იმით იყო, რომ ჩვენ გავაგზავნეთ ქართული პროდუქცია, ნატურალური არომატები და ამით ხელი შევუწყვეთ ჩვენი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის რეპუტაციის გაზრდას. რა თქმა უნდა ის ფინანსები და პროდუქციიდან გაყიდული თანხა მთლიანად საქველმოქმედო სფეროს მოხმარდება“, - განმარტავენ კომპანიაში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „ოჯახურმა“ ბაზარს პრემიუმ ხარისხის შებოლილი სუნელები შესთავაზა, საუბარია ახალ გემოებზე: შებოლილი პომიდორი, შებოლილი ქინძი, შებოლილი ხახვის ფანტელი, შებოლილი პაპრიკა, რომლის შეძენაც დღეისათვის გუდვილის და ფრესკოს ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი

„ოჯახური“ ქართული სუნელების კომპანია.

„ჩვენ გთავაზობთ 90-მდე უნიკალურ და განუმეორებელ სანელებელს. თაობების მანძილზე გადაცემულ ტრადიციულ რეცეპტებზე ფოკუსირებით, თითოეული პროდუქტი პროფესიონალურად არის შემუშავებული და შეფუთული თანამედროვე გზით, რაც აადვილებს მომზადების პროცესს და განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძებს.

ჩვენი სლოგანი „ოჯახური ტრადიციები თანამედროვე შეფუთვაში“ მეტყველებს ჩვენს ვალდებულებაზე, შევინარჩუნოთ ქართული სამზარეულოს მდიდარი მემკვიდრეობა და გავხადოთ იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, გამოცდილი მზარეული ხარ თუ არა, „ოჯახურის“ სანელებლები იდეალური შტრიხია თქვენს სამზარეულოში.

სცადეთ დღესვე და შემატეთ თქვენს სუფრას ქართული გემო და არომატი“, - აღნიშნულია „ოჯახურის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები