საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ნეტო-აღრიცხვიდან ნეტო-დარიცხვის სისტემაზე უნდა გადავიდეს, რასაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ შემუშავებული მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი ითვალისწინებს რომლის იმპლემენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, 2025 წლის განმავლობაში საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.
„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა ევროპაში, ევროკავშირში, რომელიც მის წევრ და ასოცირების შეთანხმების წევრ ქვეყნებში ენერგეტიკული რეფორმების ზედამხედველობას აკეთებს. პლუს აძლევს რეკომენდაციებს და ასევე საერთაშორისო შეთანხმების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან. წელს, 2025 წელს საქართველო გახდა ამ გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა და ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს მას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წლიდან საქართველომ ხელი მოაწერა რატიფიცირების შეთანხმებას. პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა და ამის შემდეგ უკვე მივყვებით რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, სწორედ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პატრონაჟით. 2019 წლის ბოლოს იქნა ახალი კანონი მიღებული ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ, რომელიც სწორედ ამ ასოცირების შეთანხმების და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან გაფორმებული შეთანხმების ძირითადი სულისკვეთებიდან გამომდინარეობდა. ჩვენ სემეკმა 50-მდე სხვადასხვა მარეგულირებელი წესი და ნორმა მივიღეთ ახალი კანონის შესაბამისად, ევროპული ყაიდის წესები ასე ვეძახით ჩვენთან. პრაქტიკულად ამით დავასრულეთ მეორადი კანონმდებლობის შემუშავება და დამტკიცება ელექტროენერგეტიკის სფეროში და ბუნებრივი გაზის სექტორში. ბუნებრივი გაზის სექტორში რამდენიმე რეგულაციის დამტკიცება დაგვრჩა, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში დავასრულებთ. და 2 მთავარი დოკუმენტია, რომლის აღსრულებასაც ჩვენ მივყვებით. ეს არის მესამე ენერგეტიკული პაკეტი, რომელმაც გაგვიხსნა გზა ნეტო-აღრიცხვის სისტემის შემოღება განვითარებისთვის და ახლა უკვე მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ. ძალიან ბევრი სახლის სახურავზე, საწარმოს ეზოში ვხედავთ მზის პანელებს, რომელიც არის განთავსებული და მზის ენერგიას გარდაქმნის ჩვეულებრივ ელექტროენერგიად. ჩვენს მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად მომხმარებლები, რომელიც ამ სისტემაში არიან ჩართულები მოიხმარენ მზის ენერგიას და სიჭარბე თუ რჩებათ მათ ეს სიჭარბე გადაედინება ქსელში. და წელიწადში ერთხელ კომუნალური კომპანიები ახორციელებენ ანგარიშსწორებას. ანუ ფულს უხდიან მომხმარებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე დავადგინეთ ქსელური გატარების საფასურის შეღავათები და ამან მიმზიდველი გახადა აღნიშნული ტიპის პროექტების განხორციელება. განსაკუთრებით ბოლო წლებში, კოვიდ-პანდემიის შემდეგ პერიოდი იყო აქტიური და ძალიან ბევრმა ფიზიკურმა პირმა და კომპანიამ გააკეთა აღნიშნული მზის სისტემები და დააყენა საკუთარი მოხმარებისთვის ან კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის. ჯამში უკვე 120 მგვტ-ზე მეტია ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ენერგია, რომელზედაც განაცხადები გაკეთდა, მათი ძირითად ნაწილი აშენებულია, დაყენებულია, რაღაცა ნაწილი პროცესშია. გასული წლის ბოლოდ მივიღეთ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებიდან რეკომენდაციები, მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ნეტო-აღრიცხვიდან ნეტო-დარიცხვის სისტემაზე გადასვლას. თუ ადრე და დღემდე მომხმარებელი, რომელსაც მზის სისტემა უყენია მოიხმარს ენერგიას და ჭარბი ენერგია ქსელში გადაედინება, დეფიციტის შემთხვევაში ხდება ქსელიდან ენერგიის წამოღება, მაგალითად ღამე ენერგიას მოვიხმართ, მაგრამ მზის პანელები ვერ გამოიმუშავებს. ამ დროს ქსელიდან ხდება ენერგიის მიღება. ამიტომ, ჩემს მიერ გამომუშავებული და მოხმარებული ენერგიის განაშთვა ხდება პერიოდის ბოლოს. ამიტომ ენერგია ენერგიაზე იცვლება. ახალი სისტემის მიხედვით მოხდება თანხის თანხაზე გაცვლა, ქვითრის ქვითარზე გაცვლა. ამიტომ ზოგიერთ ლიტერატურაში ამას ნეტო-ბილინგიც კი ეწოდება. ამიტომ მე რასაც მოვიხმარ ენერგიას, ანუ ღამე წამოვიღებ ქსელიდან იმაზე გადავიხდი თანხას, ხოლო კომპანია, რომელიც ჩემგან დღის განმავლობაში ჭარბ მზის ენერგიას წაიღებს ის აქეთ გადამიხდის თანხას და ამიტომ თანხის თანხაზე განაშთვა მოხდება“, - განმარტავს ნარმანია.
მისივე თქმით, მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის, ანუ ნეტო-დარიცხვის მარეგულირებელი ნორმის შემუშავებაზე კომისიაში სწორედ ახლა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.
„როგორც კი დავასრულებთ პროექტის მომზადებას, დავიწყებთ მის საჯარო განხილვებს. როგორც თავის დროზე გავაკეთეთ ნეტო-აღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებით. მანამდე, გარდამავალ პერიოდში მუშაობს ნეტო-აღრიცხვის სისტემა, უბრალოდ ნეტო-აღრიცხვის სისტემისთვის რეგიონებში შეივსო დადგენილი 14%-იანი ზღვარი ამიტომ მომავალში შესაძლებელი იქნება 100 კვტ-მდე ენერგიისთვის განაცხადების შეტანა“, - აღნიშნა ნარმანიამ.
უახლესი
6 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა8 საათის წინ
ლარი გამყარდა