გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და დამატებით ინფლაციური წნეხი არ გაქვს, სებ-ის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დადებითია , - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან პირველი ლიცენზირებული ციფრული ბანკის „პეისერა ბანკის“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე შემცირებას.
ქუმსიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაციური წნეხი ერთმნიშვნელოვნად შემცირებულია.
„რიცხვები პოზიტიურია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ის, რომ ქვეყნისთვის ფული გაიაფდეს არის ძალიან დადებითი მოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება იწვევს ეკონომიკის სტიმულირებასა და შესაბამისად, ეს ეფექტი ეკონომიკაზე აუცილებლად იქნება პოზიტიური.
გარდა ამისა ვიცით, რომ რამდენიმე ათასი მსესხებელია, რომელთა სესხიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე და მათთვისაც ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა თან დამატებით ინფლაციური წნეხი არ გაქვს, გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დადებითია“, - აცხადებს ქუმსიშვილი.
რაც შეეხება მწვავე გეოპოლიტიკურ ვითარებას, რამაც ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გაურკვევლობას შეუწყო ხელი, ქუმსიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტორის წნეხი არ იქნება ისეთი ძლიერი, რომ ეკონომიკისთვის მასტიმულირებელი ზომების გატარება შეაფერხოს.
„ინფლაცია შიდა და გარე ფაქტორებისგანაა შემდგარი. გარე ფაქტორების ნაწილში ყოველთვის იქნება რაღაცა ფაქტორი, რაც ინფლაციური წნეხის გაზრდაზე იმუშავებს, მაგრამ ჯამურად არა მგონია, რომ ამან იმხელა ზეგავლენა მოახდინოს, რომ რაც არის თარგეთირებული მაჩვენებელი, ამას სადმე გადასცდეს.
ის, რომ დღეს წითელ ზღვის გამო ლოგისტიკა გაძვირდა ჩინეთიდან, ეს აისახება გარკვეულ პროდუქციაზე, თუმცა არა მგონია, რომ საბოლოო მომხმარებლამდე იმ დონეზე აისახოს, რომ ამის გულისთვის არ ღირდეს ეკონომიკისთვის მასტიმულირებელი ზომების გატარება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
იგივე თემაზე:
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები