დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი მიღწევების მქონე სპორტსმენები შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ

მაღალი მიღწევების მქონე სპორტსმენები შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ

18-09-2023 14:06:11

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

„საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე, სპორტის იმ სახეობაში, რომლის ფედერაციაც აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე", - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება  იმ სპორტსმენებზე, რომლებსაც მაღალი მიღწევები აქვთ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები