დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილმა გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა

ლევან დავითაშვილმა გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა

01-11-2023 11:18:47

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისადმი მოსამზადებელი სამუშაოები საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა. 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა - მთიანეთში დავით ნოზაძე.
ლევან დავითაშვილმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელთაც მთავრობა სამთო კურორტის მეტი განვითარებისთვის აკეთებს. მათ შორისაა, ორი ახალი საბაგირო კომპლექსი ახალ გუდაურში, რომლებსაც ავსტრიულ - შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ - გარავენტა ჯგუფი" ახორციელებს. თითოეული საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1800 – 2400 ადამიანი იქნება. მისი თქმით, წელს პირველად გუდაურში სნოუბორდ ქროსში საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება, რაც დადებითად ასახავს კურორტის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით. 
ამავე დროს, მინისტრმა ისაუბრა გუდაურში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. მისი თქმით, გუდაური მნიშვნელოვანი სამთო კურორტია, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას აქვს მისი განვითარების ხედვა სხვა სეზონებზეც. 
შეხვედრაზე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ წარადგინა პრეზენტაცია გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის სეზონისთვის მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების შესახებ. მისი თქმით, ზამთარში გუდაურში ჩამოსულ ვიზიტორებს დახვდებათ ახალი საბაგირო კომპლექსი და სასრიალო ტრასები. ასევე მოხდა არსებული ტრასების რეაბილიტაცია და განახლდა სპეცტექნიკა. ირაკლი ბურჭულაძის თქმით, კურორტი მზად იქნება, საერთაშორისო შეჯიბრებს უმასპინძლოს. „ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მიგვაჩნია, რომ გუდაურში მაღალი რანგის შეჯიბრებების გამართვა უმნიშვნელოვანესია, როგორც გუდაურის, როგორც სამთო კურორტის და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის," - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელმა. 
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა კურორტის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ შეხვედრები კერძო სექტორთან რეგულარულად გაიმართება, რათა კურორტის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში კერძო სექტორი მაქსიმალურად იყოს ჩართული.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები