დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ითვალისწინებს GREDA-ს საკანონმდებლო ინიციატივა - ინტერვიუ მაია მელიქიძესთან

რას ითვალისწინებს GREDA-ს საკანონმდებლო ინიციატივა - ინტერვიუ მაია მელიქიძესთან

20-09-2024 17:00:00

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ”  (GREDA) კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადიდან გარკვეული თანხა იმ სოფლის მოსახლეობას დაუბრუნდება, სადაც განახლებადი ენერგიის სადგური შენდება. ამ საკითხზე Business Insider Georgia მაია მელიქიძეს ესაუბრა.

რა ეტაპზეა ამ დროისთვის კანონპროექტი და როდის იგეგმება მისი პარლამენტში ინიცირება?

ამ ეტაპზე კანონპროექტი პარლამენტში შესული არ არის, თუმცა განხილულია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე გუნდის წარმომადგენლებთან. ტექნიკურად, ეს კანონპროექტი სრულად გამართულია. ამასთანავე, GREDA-ს მხრიდან სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით, განსაზღვრულია ის კანონები, რომლებშიც ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, აუცილებელი იქნება გარკვეულწილად ცვლილებების შეტანა.

კანონპროექტი სრულყოფილი სახით არის მომზადებული, გავლილია დეტალურად და გაანალიზებული, ერთადერთი რაცაა დარჩენილი, ესაა პარლამენტში მისი დაინიცირება და შემდეგ უკვე სამივე მოსმენის გავლა.

ამ დროისთვის რა გამოწვევების წინაშე ხართ?

ამ ეტაპზე, გამოწვევას რასაც ჩვენ ვხედავთ, გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი იდეის დონეზე განხილული და შეთანხმებულია ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროსთან. თუმცა საბოლოო თანხმობა მათი მხრიდან არ არის იმისთვის, რომ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრომ დააინიციროს პარლამენტში.

რატომ ეს ორი სამინისტრო?

ამ ორი სამინისტროს ჩართულობა კანონპროექტის ფარგლებში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეხება მუნიციპალიტეტები და პასუხისმგებელია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე,  ადგილობრივი ხელისუფლება კი  განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელსაც იღებს სწორედ ფინანსთა სამინისტროს მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან.

როგორია ეს პროცესი დღეს?

დღეს, როდესაც ქონების გადასახადი მოხვდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს, რა პროექტი უნდა გააკეთოს და ამ თანხას ახმარს არა უშუალოდ იმ კონკრეტულ სოფელს, სადაც შენდება ჰესი, არამედ მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელზე ცდილობს ფულის გადანაწილებას.

სავსებით შესაძლებელია და ასეც ხდება, რომ ზეგავლენის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ იქ აშენებულ ობიექტს უშუალოდ მათთვის მოაქვს სარგებელი. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი მაცხოვრებლები უშუალოდ ჩაერთვებიან ენერგო პროექტში და მთელი სოფელი მიიღებს გრძელვადიან სარგებელს, რომელსაც სურვილისამებრ მოახმარენ მათ საჭიროებებსა და სურვილებს, იქნება ეს ბაღის ან სკოლის აშენება, გზა, კულტურული ღონისძიების მოწყობა თუ სხვა ინფრასტრუქტურის გამართვა.

რომელ ქვეყნებშია ასეთი წარმატებული მაგალითები?

ბელგიაში, სადაც ახლახანს ვიმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით, ვნახე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების უშუალო მაგალითი ქარის ელექტროსადგურთან დაკავშირებით, რომლის გადახდილი გადასახადები ენერგო ობიექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ინტერესთა დაკმაყოფილებაზე იხარჯება. ბელგიაში მოქალაქეებს აინტერესებთ გამწვანება, რადგან სხვა პრობლემები დაძლეულია.

მნიშვნელობა არ აქვს,  რა სჭირდება სოფელს, მთავარია, მოსახლეობამ იგრძნოს, რომ რადგან ცხოვრობს ზეგავლენის არეალში, იღებს ხელშესახებ სარგებელს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები