მეხორბლეების პრობლემა ისევ ვერ გვარდება. მთავრობის ჩარევის შედეგად ხორბლის დარჩენილი მარაგიდან მხოლოდ 10% გაიყიდა, ხოლო გაუყიდავ რაოდენობას ახალი მოსავალიც ემატება, რომლის ხარჯი, შარშანდელ სეზონთან შედარებით, 10-15%-ით არის გაზრდილი.
ამის შესახებ Business Insider Georgia- თან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
„მთავრობის ჩარევით ველოდით, რომ ხორბლის ფასი 70 თეთრს მიაღწევდა, მაგრამ დღესაც 40-45 თეთრზე ძვირად ვერ ვყიდით. ვითარება რთულია, დარგს ძალიან უჭირს. ამ დროს მოსავლის შენახვა-მოვლის ხარჯი იზრდება. მოსავლის მოყვანა 10-15%-ით გაგვიძვირდა. ხარჯები საწვავისა და მუშახელის დაქირავების გაზრდილმა ფასმა გააძვირა. წელს ყველაზე ძვირი მოსავალია.
შესაძლოა, შედარებით იაფი დაჯდეს მეორე მოსავალი, მაგრამ წინ მთელი ერთი წელია. ლაგოდეხში ფერმერებმა გამოაცხადეს, რომ 30%-ით ნაკლებ ხორბალს დათესავენ. ფერმერებთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. არავის აინტერესებს დარგი, თუ წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 170 ათასი ტონაა, გაისად 100 ათას ტონაზე მეტი არ იქნება. მთავრობა აპირებდა, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-ით გაეზარდა, მაგრამ სავარაუდოდ მომავალი წლების განმავლობაში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 10%-ზე ჩამოვა, რაც სტრატეგიულ პროდუქტთან მიმართებით მწვავე პრობლემაა", - აცხადებს ბენიაიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღებულია 15 000 ტონა ხორბალი, რაც საერთო მოსავლის 10%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში 5 თვით დროებითი მოსაკრებელი ამოქმედდა. მიზანია, ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო პირობების გათანაბრება.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა