დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კალათბურთი – 2023 წლის შეჯამება

ქართული კალათბურთი – 2023 წლის შეჯამება

09-12-2023 13:45:41

გიზიარებთ ბლოგს: ქართულ საკალათბურთო სამყაროში 2023 წელს ბევრი საინტერესო და ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა მოხდა – მათ შორის მთავარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულება და შემდეგ ქართული კალათბურთის არსებობის განმავლობაში პირველად თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე.

გვახსოვს, შარშანდელი ზაფხული, როდესაც ევრობასკეტის მასპინძლები ვიყავით ამჯერადაც არსებობის განმავლობაში პირველად – თბილისში გამართული მძიმე შეხვედრები და ძალიან დასანანი შედეგი, როდესაც ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები ცუდი ევრობასკეტის შემდეგ მთლიანად გადაერთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და საბოლოოდ ძალიან დრამატულ ბრძოლასა და ძალიან დაძაბული მატჩების ფონზე:

6-გუნდიანი L ჯგუფი, რომელშიც მესამე ადგილი დავიკავეთ; სამ-სამი ქულით გაგვასწრო იტალიისა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, ჩვენ კი დრამატულ ორთაბრძოლაში ერთი ქულით გავასწარით მეხუთეადგილოსან უკრაინას და ბოლო თბილისურ მატჩში, რომელშიც 3 ქულით დავმარცხდით კიდეც ისლანდიასთან (77 – 80), თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბურთების შეფარდების წყალობით (რომელიც ასევე მინიმალური იყო) მოვახერხეთ და ყველაზე მასშტაბურ საკალათბურთო ფორუმზე გავედით. თუკი ისტორიულ ტრიუმფსა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზეა საუბარი, სწორედ ასე დრამატულად და ბოლო წამს მინიმალური ქულათა სხვაობით უნდა ხდებოდეს, ეს ამბავი სამუდამოდ დარჩება კალათბურთის ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში, როგორც ბევრი ბრძოლისა და ცოტა იღბლის შედეგი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაში ულიდერა გუნდს ქულებითა და ყველა იმ სათამაშო თუ არასათამაშო თვისებით, რაც მას გამოარჩევს ქართულ და, ზოგადად, ევროპულ კალათბურთში. ასევე თავდადებულად იასპარეზა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამაც, რომელმაც მიუხედავად ურთულესი ცხრილისა, დატვირთული საკლუბო გრაფიკისა, მაინც მოახერხა ჩვენი ნაკრების ბოლომდე დახმარება. აქვე აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის ბოლოს თოკო საუკეთესო ფორმაში შევიდა და იტალიურ ვირტუს ბოლონიას ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა (გახდა ევროლიგის რამდენიმე მატჩის MVP – გუნდი კი 7 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, ჩამორჩება მადრიდის რეალსა და კატალონიის ბარსელონას).

ცვალებადი ფორმით შევხვდით მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის მოსამზადებელ ეტაპზე 7 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ 3-ში გავიმარჯვეთ (მაგალითად, დავამარცხეთ ძლიერი მონტენეგროს ნაკრები, თუმცა დავმარცხდით არც თუ ძლიერ ეგვიპტესთან) – საბოლოოდ ეს ცვალებადი ფორმა დიდად არ ასახულა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას, რადგანაც მოვიგეთ ის მატჩები, რისი მოგების გეგმაც წინასწარ არსებობდა (დამაჯერებლად დავამარცხეთ კაბო-ვერდეს და ვენესუელას ნაკრებები), თუმცა დავმარცხდით სამ ძლიერ ნაკრებთან: სლოვენიასთან, ავსტრალიასთან და გერმანიასთან, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მეტი მოლოდინი არსებობდა, თუმცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მეტოქეების გაცილებით უკეთესი ფორმითა და ტურნირამდე გამოვლილი ცუდი პერიოდის ფონზე – დებიუტანტებმა მოვიგეთ ორი მატჩი და მოვხვდით მსოფლიოს 16 საუკეთესო ქვეყანაში.

შარშან ევრობასკეტის მასპინძლობა და წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი – ესაა ის ორი მოვლენა, რომელიც აუცილებლად გამოცდილებად უნდა აღვიქვათ და გამოვიყენოთ მომავალშიც. რაც შეეხება მომავალს, აქ უნდა ვახსენოთ ჩვენი ორი ელჩი ამერიკულ საკალათბურთო ლიგაში, ორი ქართველი კალათბურთელი NBA-ში: გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილი (სან ანტონიო სპერსი). განსაკუთრებით კარგი პერიოდი აქვს გოგა ბითაძეს, რომელიც კარგად იყენებს ყველა შანსს და მაქსიმალურად იხარჯება პარკეტზე, შედეგად, მასზე გაცემულ 20+ წუთში ბრწყინვალე სტატისტიკას დებს, საოცრად კარგია დაცვაში და შეტევაშიც თამაშობს ძალიან სწორ კალათბურთს. რაც შეეხება სანდროს, ის, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნილ გუნდშია, სადაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი ახალ პროექტს აშენებს და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) კალათბურთის მწვრთნელი საკუთარ გეგმებში მამუსაც მოუნახავს მნიშვნელოვან როლს – ყველამ ვიცით, რომ ამისთვის საკმარისი ტალანტი და შრომისუნარიანობა სანდროს ნამდვილად აქვს.

ძალიან საინტერესოა, რა იქნება მომავალში – არსებობს რესურსი და ნიჭი იმისთვის, რომ შეიქმნას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალი სიცოცხლე, რომელიც დიდ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული. 2024 წლის 23 თებერვალს დაიწყება მომდევნო ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი, გასვლაზე დავუპირისპირდებით დანიის ეროვნულ ნაკრებს – ყველაფერი წინ არის. 

ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები