კომპანია "ჯიველი" ასორტიმენტის ზრდას და მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia -სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა მიქელაძემ განაცხადა, მოკლე პერიოდში ახალი პროდუქტის დამატება იგეგმება.
„ვგეგმავთ ბაზარს შევთავაზოთ ჩვენი ახალი პროდუქტი, ახალი ღვინო , რომელიც უახლოეს პერიოდში ჩაეშვება რეალიზაციაში - ეს არის ჩვენივე ვენახებში გაშენებული მწვანესა და შარდონეს ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული გამორჩეული საგემოვნო თვისებების მქონე ღვინო - შარდონე და ცქრიალა ღვინო. ასევე, მოგვიანებით, მიმდინარე წლის მიწურულისათვის, მომხმარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს ნარჩევი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, ქვევრში მაცერაციის გზით, დამზადებული და ფრანგული მუხის კასრებში 9 თვის განმავლობაში დავარგებული, მაღალ ალკოჰოლიანი (15%) საფერავი“, - განაცხადა კომპანია „ჯიველის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ტექნოლოგიურად განვითარებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის მეღვინეობა „ჯიველში“ არაერთი ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციაზე მოთხოვნილება მზარდია. „ჯიველის“ ღვინო საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია სხვადასხვა სავაჭრო თუ სარესტორნო ქსელში, რაც ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობას.
„საერთო შედეგების სახით გეტყვით, რომ მომხმარებლები ჩვენს ღვინოს ყოველთვის დადებითად აფასებენ, შესაბამისად მოთხოვნა, რა თქმა უნდა ყოველწლიურად მატულობს და მზარდია, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ცნობადობაც მზარდია. ამ მხრივ, დამატებით კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსსა, ფესტივალსა, თუ დეგუსტაციაზე. მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. გამოვყოფ 2024 წლის მიღწევებს: გერმანია, Mundus Vini-ის ზაფხულის 35-ე საერთაშორისო ღვინის დეგუსტაცია - ღვინო ქისი თეთრი მშრალი 2023-ოქროს მედალი; საქართველო, IWCS კონკურსი - ღვინო ჩხავერი 2023 - ვერცხლის მედალი; ღვინო საფერავი ქვევრი 2023 - ბრინჯაოს მედალი; პოლონეთი Enoexpo-ს კონკურსი, მოვიპოვეთ 3 ბრინჯაოს მედალი, გამარჯვებული ღვინოებია: საფერავი რეზერვი 2019წ; საფერავი ქვევრი 2023წ; ღვინო რქაწითელი ქვევრი 2023წ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს სექტორში არსებული გამოწვევები, ღვინის ბაზარი გაჯერებულია, არის მაღალი კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა ფასების თვალსაზრისით და ასევე ცალსახად რთულია კონკურენციის გაწევა ისეთი წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისათვის როგორიცაა, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩილე, ავსტრალია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ჩვენი სანდოობითა და ხარისხიანი ღვინის მიწოდებით ეტაპობრივად წლიდან წლამდე გავიზრდებით“, - აცხადებს მაკა მიქელაძე.
უახლესი
8 საათის წინ
ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება9 საათის წინ
პრემიუმ ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა გაზრდილია - ICE