საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილი შემცირდა და 2025 წლის იანვრის მდგომარეობით პორტფელში ამერიკული სატელეკომუნიკაციო კორპორაციის აქციებმა 3,3%-ი შეადგინა.
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციები უკვე 3,3%-ის დონეზეა, მაშინ როდესაც 2024 წლის დეკემბერში 3,5%-ის დონეზე იყო, ხოლო ნოემბრის მაჩვენებელი 3,3%-ს შეადგენდა.
ოქტომბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 3,2%-ის დონეზე იყო, ისევე როგორც სექტემბერში. აგვისტოს მაჩვენებლებით კი 3,0%-ს შეადგენდა.
ივნისში სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 2,9%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.
საგულისხმოა, რომ იანვარში Apple-ს აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში, Apple (3,3%) პირველ ადგილზეა, ხოლო შემდეგ მოდის Nvidia (3,1%) და Microsoft-ი (2,9%).
2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 16.4% და 14.3% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. იანვრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51.1%, დაბალანსებულში 30.5%, ხოლო კონსერვატიულში 16.6% იყო.
უახლესი
8 საათის წინ
ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება8 საათის წინ
პრემიუმ ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა გაზრდილია - ICE