სებ-მა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „კრისტალზე" მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გასცა, რომელიც მანამდე ერთ-ერთ მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენდა. „კრსიტალის“ ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდგომ კი მას ბაზრისთვის უფრო სრულყოფილი სერვისების მიწოდება შეეძლება.
რა გეგმები აქვს მიკრობანკს და როდიდან აპირებს გააქტიურებას დეტალებზე Business Insider Georgia „კრისტალის“ გენერალურ დირექტორს ილია რევიას ესაუბრა
სს „კრისტალმა" უკვე მიიღო მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია, როგორია გეგმები და გათვლები, რა იქნება ის საწყისი პროდუქტები და სერვისები, რასაც ბაზარს შესთავაზებთ?
უპირველეს ყოვლისა ეს არის ის საბანკო ტრანზაქციები და საბანკო პროდუქტები, დაწყებული საბანკო ანგარიშებით, შემდეგ უკვე შემნახველი ანაბრები, ბარათები და ახალი ტიპის საკრედიტო შეთავაზებები, რომელიც უფრო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესებზე. ასევეა დისტანციური არხები: მობილბანკი და მსგავსი. თუმცა, ვიწყებთ იმ ბაზისით, რაც აუცილებელია: ეს არის ანგარიშები, გადარიცხვები ლარში და ბარათები.
ლიცენზიის გაცემის დროს სებ-მა გარკვეული ვადები დაგიწესათ? ანუ გარკვეული პერიოდი თუ დაგიწესდათ, როდიდანაც უკვე სერვისების მიწოდება აუცილებლად უნდა დაიწყოთ?
სტატუსის მიღებიდან, რომელიც უკვე 12 თებერვლით თარიღდება, 4 თვემდე გაქვს ვადა, რომ ცალკეული პროდუქტები ბაზარზე ეტაპობრივად გავუშვათ. რეალურად ამისთვის კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და ყველაფერი კარგად იქნება.
რა იქნება მიკრობანკ „კრისტალის“ პირველი პროდუქტი, რასაც ჩაუშვებთ და საკუთარ კლიენტებს შესთავაზებთ?
პირველი შეთავაზება აუცილებლად იქნება საინვესტიციო პროდუქტი - მონეტა. ეს არის მაღალსარგებლიანი სადეპოზიტო პროდუქტი, როგორც სავალუტო შეთავაზება და რომელიც უფრო სარგებლის მომტანი ვიდრე დღეს საბანკო სექტორს შეუძლია.
მიკრობანკად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი აქცენტი იქნება მცირე მეწარმეები და მათი ხელშეწყობა. თუ მოახდენს „კრისტალი“ გარკვეულ სეგმენტიზაციას და თუ იქნება ისეთი პროდუქტები, რომელიც უფრო კონკრეტულ სეგმენტზე იქნება მორგებული და მათთვის უფრო იქნება ხელსაყრელი? როგორ აპირებთ მცირე მეწარმეობის მოცვას და მათ მოზიდვას?
იდეაში სეგმენტაცია გვექნება მიკრო, მცირე მეწარმეობის კუთხით და აქტიურად გავაგრძელებთ და გავაკეთებთ აქცენტს რეგიონში არსებულ ბიზნესებზე და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე. გაძლიერდება აქცენტები ვაჭრობის დაფინანსებაზე, წარმოების დაფინანსებაზე, ტრანსპორტის და ლოგისტიკის დაფინანსებაზე, ვინაიდან ამ სექტორების ზრდას ყოველწლიურად ვხედავთ. ასევე, აქცენტი გაკეთდება აგრო შეთავაზებებზე. მისო-ს სტატუსი გვიწესებდა დაკრედიტების ლიმიტს და ახლა საშუალება გვექნება, რომ მილიონ ლარამდე მივაწოდოთ ერთეულ კლიენტს საბანკო პროდუქტების ფარგლებში.
მიკრობანკის სტატუსი ალბათ უკვე „გაიძულებთ“ გაფართოებასაც, რა გეგმებია ამ მიმართულებით 2025 - 2026 წლებზე?
დიახ, გაფართოება ეტაპობრივად მოხდება. თუმცა წელს ჩვენ ფიზიკური ფილიალების გახსნაზე ნაკლებად ვართ ორიენტირებული და უფრო ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებაზე ვფიქრობთ. მომავალი წლიდან კი უკვე ახალი რეგიონების მოცვაზე ვიქნებით ორიენტირებულები. თუმცა მოგეხსენებათ „კრისტალი“ ამ დროისათვის 49 ფილიალითაა წარმოდგენილი.
რა იქნება თქვენი კონკურენტული უპირატესობა, მას შემდეგ რაც ყველა პროდუქტს ჩაუშვებთ? რა ნიშა გექნებათ და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პოზიციონირება ბაზარზე?
მაღალი დონის სერვისი, რითაც მცირე მეწარმეები განებივრებულები არ არიან. მნიშვნელოვანია, რომ მათ საფინანსო ინსტიტუტიდან მაღალი დონის მომსახურების და სერვისების მიღება შეეძლოთ. სწორედ ეს არის და იქნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რადგანაც ყველა ჩვენს კლიენტს ვუყურებთ, როგორც მისი პირადი ბანკირები. უპირატესობა იქნება ასევე მოქნილობა, რადგანაც ვიცით ამ სეგმენტში მუშაობის ნიუანსები და შეგვიძლია სწორი დაკრედიტება მივაწოდოთ. თუმცა აქ საუბარი მხოლოდ დაკრედიტებაზე არაა, საუბარია ასევე ლიზინგის პროდუქტებზე, საბრუნავი საშუალებების დაფინანსებაზე და სხვა. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ, რომ უფრო სწრაფად მოვახდინოთ გადაწყვეტილებების მიღება.
რაც შეხება საბრუნავ კაპიტალს, რაზეც შემდგომ წვდომა უნდა გაუხსნათ თქვენს კლიენტებს, კაპიტალის მოზრდაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უკვე ელაპარაკებით?
დიახ. ჩვენ 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი უკვე გვყავს. მათი დაფინანსება წლების განმავლობაში იზრდება. წელს დაახლოებით 25%-ით მეტი დაფინანსების მოზიდვას ვაპირებთ და ეს უკვე დაგეგმილი და ხელმოწერილი კონტრაქტებია. ამასთან ერთად, ვაპირებთ ადგილობრივ ბაზარზე შემნახველი პროდუქტებით მნიშვნელოვანი წილის დაკავებას, ეს იქნება დეპოზიტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, საინვესტიციო პროდუქტები. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ლარში დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია.
უახლესი
7 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება8 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა