ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ბაზარს 15-20%-ით გაზრდის, მიიჩნევს სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი. მიხეილ ჯაფარიძის თქმით, მისი ირიბი ეფექტი ბევრად ხელშესახები იქნება.
„ამ კუთხით მოლოდინები ყოველ წელს არსებობს, თუმცა ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია სწორი და ეფექტური სისტემა დაინერგოს, რაც მოსახლეობისთვის, ეკონომიკისა და სადაზღვევო ინდუსტრიისთვის შედეგის მომტანი იქნება. ამ სახეობას ორმაგი ეფექტი ექნება ბაზარზე. კერძოდ: არსებული ბაზრის ზომა გაიზრდება 15-20%-ით და მეორე მხრივ დაზღვევის მიმართ ცნობადობის გაზრდის გამო მომდევნო წლებში ირიბი ეფექტი ბევრად ხელშესახები იქნება“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო წესით ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობის შემოტანა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა.
საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო 1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.
უახლესი
4 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება5 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა