დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გორსა და ქარელში ფერმერებს ვაშლის გაყიდვის პრობლემა აქვთ

გორსა და ქარელში ფერმერებს ვაშლის გაყიდვის პრობლემა აქვთ

04-05-2023 18:20:45

გორსა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს ვაშლი ულპებათ.

როგორც კოოპერატივი „სანჩოს ბიჭების“ თავმჯდომარე ვეფხია გრძელიშვილი Business Insider Georgia- ამბობს, 250 ტონა ვაშლიდან ნახევარი გადაყარა, რადგან პროდუქტს ადგილზე ვერ ჰყიდის, ხოლო რუსეთში მინიმალურ ფასს სთავაზობენ და იქაც რეალიზაციის პრობლემაა.

„სამაცივრე მეურნეობა გვაქვს, სადაც მოსავალს ვინახავთ. 6 თვე შევინახეთ ვაშლი და როცა გაყიდვის იმედი გადაგვეწურა, გადავყარეთ. მოსავლის ნახევარი გაფუჭებული იყო, გადარჩევის გარეშე შევიტანეთ, გვეგონა დროულად გავყიდდით, მაგრამ უმძიმეს სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვაშლი არ გვეყიდება.

ჩვენს რეგიონში მეხილეობა კარგად ვითარდება, თუმცა ერთია მოსავლის მოყვანა და მეორე - მისი რეალიზაცია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მოსავალს ვყრით, 50 თეთრადაც ვერ ვყიდით, ხოლო 3-ჯერ და უფრო ძვირად იყიდება იმპორტირებული ვაშლი, წარმოუდგენელი მდგომარეობაა. ახლაც 2 პარტია გავაგზავნეთ რუსეთში, 10 მანეთად (ქართულ ვალუტაში - 33 თეთრი) ვყიდით საუკეთესო ხარისხის ვაშლს, თვითღირებულებასაც ვერ პასუხობს ფასი, ადგილზე 50 თეთრადაც არავის უნდა", - ამბობს ვეფხია გრძელიშვილი.

გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ფერმერი ვაშლის წარმოების გაჩერებას გეგმავს. ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, მარცვლეული კულტურით ჩაანაცვლებს.

კოოპერატივი „სანჩოს ბიჭები" შემნახველი საწარმოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამაცივრე მეურნეობას ფლობენ დაბა აგარაში.

მეურნეობის ასაშენებლად 2020 წელს ჯამურად, 1 211 451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც კოოპერატივმა 450 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600 000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ვაშლი 4 ქვეყნიდან შემოვიდა, ესენია: თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ნიდერლანდები. ქვეყნიდან 463.28 ტონა ვაშლის შესაძენად 193.21 ათასი დოლარი გავიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები