დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაძვირდება თუ არა ტექინსპექტირების ტარიფები - რა მოლოდინები აქვს სექტორს

გაძვირდება თუ არა ტექინსპექტირების ტარიფები - რა მოლოდინები აქვს სექტორს

16-10-2024 14:00:00

ბიზნესი ტექინსპექტირების ტარიფების გადახედვას ითხოვს. როგორც Business Insider Georgia-სთან ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა  ტექინსპექტირების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების საოპერაციო ხარჯები გაზრდილია და ასევე საჭიროა მათი ტექნიკური გადაიარაღებაც, რაც თავის მხრივ დამატებით ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ხოლო ლარი, რიტაც ისინი ავტომფლობელებს ემსახურებიან 5 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. 

„ტექინსპექტირების საფასური 5 წელია არ შეცვლილა და იგივეა. ანუ დღესაც იგივე ტარიფია, რაც რეფორმის დასაწყისში იყო. მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების ტარიფი 60 ლარია. თუმცა დღეს სექტორმა უკვე დააყენა საკითხი, რომ პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს. საოპერაციო ხარჯები გაზრდილია და ნებისმიერი სერვისი, რომელიც ავტომობილის ფლობასთანაა დაკავშირებული გაძვირებულია და ხშირ შემთხვევაში ფასები გაორმაგებული და გასამმაგებულია. ერთადერთი ტექინსპექტირების სფეროა, სადაც ტარიფები 5 წლის განმავლობაში არ გადახედილა. თვითონ სახელფასო ნაწილშიც, ის ხელფასი რაც მისაღები იყო სექტორში დასაქმებულისთვის, დღეს მას იგივე ხელფასზე უბრალოდ ვეღარ ამუშავებ. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საუბარი უკვე გვქონდა“, - განმარტავს გიორგი შიოლაშვილი.

მისივე თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ბიზნეს მალე დამატებითი ხარჯის გაწევაც მოუწევს, რადგანაც ის მოწყობილები, რითაც ისინი ტექინსპექტირებას ახორციელებენ უკვე განსაახლებელია. ამისთვის კი დამატებითი თანხებია მოსაძიებელი. .

„საგულისხმოა, რომ თავად ტექნიკური ბაზაც უკვე განსაახლებელია. კომპანიებს ინვესტირება სჭირდებათ. საკმაოდ ძვირად ღირებული მოწყობილობებია ჩასანაცვლებელი და შესაცვლელი. აქედან გამომდინარე დადგა ის საკითხი, რომ სექტორმა, რომელიც ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და გადინების მაჩვენებელიც მაღალი აქვს, როგორღაც თავი გაიტანოს. 2023 წელს თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი სექტორიდან 57%-ი იყო. ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სერიოზულ პრობლემებს უქმნის თავად კომპანიებს, იქიდან გამომდინარე, რომ კომპეტენტური თანამშრომელი რომ ჩამოყალიბდეს თავისი უნარით და ცოდნით ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. კომპანიებს ამისთვის დიდი რესურსის დახარჯვა უწევთ კომპანიებისთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც პერსონალის გადინება ხდება“, - განმარტავს ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი. 

გიორგი შიოლაშვილის თქმით, სექტორმა მოთხოვნა უკვე დააყენა. სადაც გასაგებად იყო აღწერილი, თუ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში

„ამის თაობაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მივაწოდეთ და ახლა ველოდებით მათგან გამოხმაურებას“, - ამბობს შიოლაშვილი.

ბიზნეს იმედი აქვს, რომ ტარიფების გადახედვა მოხდება და ის 50%-ით გაიზრდება. 

„საუბარია, რომ მსუბუქი ავტომობილის ტექინსპექტირების ტარიფი, რომელიც დღეს 60 ლარია შეიცვალოს და გახდეს 90 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, დღევანდელი ტარიფი 100 ლარი და გახდეს 150 ლარი“, - აცხადებს ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის კავშირის ხელმძღვანელი.

ირკვევა, რომ საწყის ეტაპზე სექტორს უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდა. 

„მოლოდინი გაცილებით მეტი იყო იმ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან, რომლებიც თავიდანვე ჩაერთნენ ამ საქმეში. მათი მხრიდან საკმაოდ დიდი ინვესტიციები იყო ჩადებული. დღეისათვის არ არის ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენია აქტიური ავტოპარკი. კი არის რეგისტრირებული დაახლოებით 1 600 000 ავტომობილი, მაგრამ ამ რაოდენობაში შესულია ის ავტომობილები, რომლებიც გზებზე აღარ გადაადგილდებიან. როდესაც აქტიური ავტოპარკის კვლევა მოვახდინეთ გამოვიდა, რომ 100 000 ავტომობილია, რომელსაც ტექინსპექტირება არ აქვთ გავლილი“, - აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები