უახლოეს თვეებში ხორბალსა და ფქვილზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა მოიმატა, რუსეთში კი ხორბლის მოსავლის აღება ერთი თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს, თუმცა მოსავლის გარკვეული რაოდენობა მოიყინა და დაზიანდა.
„როდესაც იწყება ახალი მოსავლის აღება არსებული მარაგები საცავებიდან გამოაქვთ და ყიდიან. ამ ფონზე ბაზარზე ზეწოლა იწყება და ფასები მცირდება.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში მოსავალი დაზიანდა, შესაძლო გაძვირების ფაქტორი დაბალანსდება ბაზარზე გამოტანილი ძველი მოსავლის მარაგებიდან და ფასების ცვლილება აღარ მოხდება“, განუცხადა Business Insider Georgia-ს ლევან სილაგავამ.
სილაგავას თქმით, ხორბლის აღების პროცესი იწყება საქართველოშიც და წელს ქვეყანას საკმაოდ კარგი მოსავალი აქვს.
დღეისათვის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 47 ლარია.
ხორბლის იმპორტი 72%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 78,571.22 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 19,070.26 ათასი დოლარი გადაუხადა. 2023 წლის ოთხ თვეში კი ხორბლის იმპორტი 45,580.92 ტონა იყო.
ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 99,9%-ს ქვეყანა რუსეთიდან ყიდულობს. მიმდინარე წლის მაჩვენებლებით საქართველოში ხორბალი 3 ქვეყნიდან შემოვიდა
რეალურად გასული წლის 4 თვეში 1 ტონა ხორბლის საშუალო ფასი 316 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის თვის საშუალო ფასი კი 243 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის იმპორტის ზრდა პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესებაზე, რადგანაც გასულ წლეს ქვეყანაში ფქვილის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ხორბლის შემცირდა. ამის მიზეზი კი ქვეყანაში ფქვილის შედარებით დაბალი ტარიფებით შემოტანა იყო და რეალურად იმპორტირებული ფქვილის ფასი უფრო იაფი გამოდიოდა, ვიდრე ადგილზე გადამუშავებული ხორბლიდან მიღებული ფქვილის ტარიფი.
ამ ფონზე კი ხორბლის გადამუშავება ქვეყანაში მინიმუმამდე დავიდა, რიგი წისქვილ-კომბინატები გაკოტრების საფრთხის წინაშეც კი დადგნენ. თუმცა საბოლოო მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება გადაწყვიტა, რითაც ხორბალი და ფქვილი თანაბარ, კონკრეტულ საგადასახადო რეჟიმში მოაქცია.
უახლესი