დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეტაპობრივი, ფრთხილი შერბილება - ოთარ ნადარაია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე

ეტაპობრივი, ფრთხილი შერბილება - ოთარ ნადარაია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე

20-12-2023 15:00:00

ჯამში, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება და მაინც ეტაპობრივი შემცირება და ფრთხილი მიდგომა შეიძლება ეწოდოს, ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.5 პროცენტამდე შემცირებას „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

ნადარაიას განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ განაკვეთის შემცირება ლოგიკური იყო. 

„სებ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ლოგიკური - განაკვეთის შემცირება. ის არგუმენტები, რაც სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია გასაგებია, მაგრამ დავამატებდი იმას, რომ სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მაინც შეიძლება ფრთხილი პოლიტიკა ვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ წინა შემცირება 0.25%-ი იყი და ამჯერად 0.50%-ია. ჯამში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება და მაინც ეტაპობრივი შემცირება და ფრთხილი მიდგომა შეიძლება ეწოდოს“, - ამბობს ოთარ ნადარაია.

 „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ დაბალი ინფლაციის მიუხედავად, სებ-მა მკაცრი განაკვეთი შეინარჩუნა.

 „ინფლაცია დაბალი იყო, თუმცა ახლა საუბარია, რომ კიდევ შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია შემცირდა განაკვეთი მაინც მკაცრი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სებ-ს ფრთხილი შერბილების პოლიტიკა აქვს.

ჩვენი პროგნოზია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,6%-ზე შემცირდება. არსებული მოდელით ეს მაჩვენებლები გამოდის“, - ამბობს ოთარ ნადარაია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო,  მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და, საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.

დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს.

ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები