შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 2023 წლის გამოცდები მედიასთან შეაჯამა და პირველადი შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბარა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოდან დაიწყება.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.
„მინდა საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყვნენ მობილიზებული იმისთვის, რომ გამოცდები შეუფერხებლად, აბიტურიენტებისა და სხვა გამოსაცდელებისათვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩაგვეტარებინა.
აბიტურიენტებს მინდა შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც ეცოდინებათ თავიანთი ქულები, საკუთარ გვერდზე ისინი ნახავენ კონკურსს თითოეულ პროგრამაზე, სადაც სურთ ჩარიცხვა, შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა, უფრო ობიექტურად შეაფასონ საკუთარ ქულებთან მიმართებაში თითოეულ პროგრამაზე მოხვედრის შანსები და ამის გათვალისწინებით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღის 18:00 საათამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ პროგრამების საკუთარ ჩამონათვალში“ -განაცხადა სოფიო გორგოძემ.
საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო, 28 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი - 75% -ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; გამოცდაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა.
2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად რაჭაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოცდები ჩაებარებინათ ამბროლაურში ახლადგახსნილ საგამოცდო ცენტრში.
უახლესი