ღია ბანკინგის განვითარების და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად ტექნიკურ სენდბოქსს აცხადებს.
ტექნიკური სენდბოქსი - რეალურ სატესტო გარემოში, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნისთვის საჭირო აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისების (API) გამოყენებით სერვისების ტესტირების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული სენდბოქსი საერთაშორისო კომპანია TESOBE - ს ღია ბანკინგის პლატფორმაზე გაეშვება, რომელიც უზრუნველყოფს 400 საბანკო API-ის კატალოგთან და ლოკალიზებულ სატესტო მონაცემებთან წვდომას და 11000-ზე მეტ ფინტექ დეველოპერთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.
ტექნიკური სენდბოქსის ფარგლებში, ეროვნული ბანკი და IFC მონაწილეებს საშუალებას მისცემს სატესტო გარემოში გაიარონ ღია ბანკინგის ორი წინასწარ შერჩეული API-ის შესაძლებლობები და მათი გამოყენებით სცადონ ინოვაციური და მომხმარებლებისთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტების შექმნა.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 22 კვირა. ტექნიკური სენდბოქსისთვის შერჩეული API-ების შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად, პროექტის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლებლობა ექნება მიმართოს ღია ბანკინგის ჯგუფს - ob@nbg.gov.ge ან ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge. განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
შერჩეული API-ების გამოყენებით, ღია ბანკინგის სერვისების ტესტირებისთვის პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 6-კვირიანი ვადა, რომელიც დაიწყება მოსამზადებელი ეტაპების დასრულების შემდეგ. ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ახალი სერვისები შეფასდება როგორც საბოლოო მომხმარებლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, ის დაემატება საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტს და ღია ბანკინგში ჩართული მხარეებისთვის უკვე რეალურ გარემოშიც გახდება ხელმისაწვდომი.
დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სატესტო API-ების შერჩევის პროცესში მათთვის საინტერესო ინტერფეისების შესახებ ელ.ფოსტის გაგზავნით ob@nbg.gov.ge -ზე. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით და გასატესტი API-ების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 25 მაისს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზე დასწრების მსურველებმაც შეტყობინება უნდა გააგზავნონ - ob@nbg.gov.ge-ზე.
უახლესი