საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 2 მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.
ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის" პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.
უახლესი
17 წუთის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები