გასულ წელს ეკონომიკა ორი ძირითადი ფაქტორის გამო გაიზარდა - პოსტპანდემიური პერიოდისა და რუსეთიდან მაღალი მიგრაციის ხარჯზე. წელს ტრენდს ვინარჩუნებთ, თუმცა მშპ შედარებით დაბალი მაჩვენებლით იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა ,,საქსტატის" მიერ 2023 წლის მშპ-ს მონაცემების წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა სტაბილურად გაგრძელდება, თუმცა არ იქნება ისეთი აქტიური ტემპი, როგორიც 2022 წელს, რაც გარკვეული ფაქტორების გავლენით იყო გამოწვეული.
ერთ-ერთი აქცენტი, რაზეც ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიური ზრდაა და აცხადებს, რომ კვლავ გამოწვევაა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მოსახლეობის კეთილდღეობაც უმჯობესდებოდეს.
ბერიკაშვილის თქმით, ნელ-ნელა აქამდეც მივა ქვეყანა, თუკი ზრდის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება.
,,მიღწეული არ არის ცუდი, თუმცა 7,2%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც გვქონდა. ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, პოსტპანდემიური პროცესებით და რუსეთიდან მოქალაქეების აქტიური შემოდინებით. ამან ძალიან ბევრი სექტორი წაახალისა, სარესტორნო, ტურისტული და შესაბამის სექტორებშიც ზრდა გვქონდა. ახლა ეკონომიკა შედარებით დაბალი ტემპით იზრდება, რაც არის ლოგიკური შედეგი და ალბათ თანდათან მასების კეთილდღეობასაც დაეტყობა.
ამიტომ ვისურვებდი, რომ ინკლუზიური იყოს და ყველაზე აისახოს. რაღაც მომენტში ასეც მოხდება, მაგრამ ასე ერთბაშად არა, დრო სჭირდება, რომ რეალური სექტორი განვითარდეს და ეკონომიკური ზრდის სარგებელი ქვეყანამ უფრო მეტად იგრძნოს", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.
ცნობისთვის, ,,საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი