კომპანია Chirchkhela-ჩირჩხელა ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გერმანიაში აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა, ამ მიზნით ახლაც გერმანიაში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ახლა ვარ გერმანიაში ბიზნეს მოლაპარაკების თაობაზე ექსპორტთან დაკავშირებით. აქაურ ქართულ რესტორნებთან და უცხოელ შემსყიდველებთან. ეს ეხება ძირითადად ჩირის თემას. იმიტომ, რომ აქ შედარებით ეს პროდუქტია პოპულარული, თუმცა ჩურჩხელების თემაც არის აქტუალური, რადგან გერმანებმა უფრო ნაკლებად იციან პროდუქტის შესახებ და გვინდა, რომ აქტიურად გავაცნოთ. სპეციალურ შეფუთვაზე ვსაუბრობ და ზუსტად მაგ მიზნისთვის ვარ ახლა გერმანიაში. კერძოდ, დიუსელდორფში მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნავს ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე.
„ჩირჩხელა“ უცხოელი შემსყიდველების მოთხოვნიდან გამომდინარე გეგმავს კონკრეტული საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, ხოლო ქართველი მომხმარებლებისთვის არსებული ასორტიმენტი უცვლელი იქნება.
„გერმანიაში სრული ასორტიმენტი ჩამოვიტანეთ. რაზეც მოთხოვნა იქნება და რაც ამათთვის იქნება მისაღები, შემდგომ სწორედ იმ ხაზის გამასშტაბებას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა ქართველი მომხმარებლისთვის რაც არის ის ყველაფერი დარჩება და იქნება. მაგრამ ძირითადად, აქცენტს ავიღებთ შემსყიდველებზე, რაზეც იქნება მათი მხრიდან მოთხოვნა. ჩვენ რამდენიმე სახის პროდუქტი გვაქვს, დაახლოებით, 15-20 სახეობა. მაგრამ შეიძლება ისინი ფოკუსირდნენ 2-3 სახეობაზე და ამ ორი სახეობის მასშტაბირებას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, რაც არის ძალაში და ქართველი მომხმარებლისთვის რაც არის არსებული, ამასაც რა თქმა უნდა არაფერი არ შეეხება“, - ამბობს ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ჩურჩხელა და ქართული ეგზოტიკური ხილის ჩირებია. უცხოურ ბაზარზე კი დიდი მოწონება მანდარინის, კივის ჩირეულმა დაიმსახურა.
„საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჩურჩხელა და ქართული, ეგზოტიკური ხილის ჩირია. განსაკუთრებით, კივი და ატამი. აი ესენი რჩება მაღალ მოთხოვნაში. უცხოეთში კი ძალიან მოეწონათ მანდარინი და კივი. ჩვენ გვაქვს ასევე და გაგვიკეთებია, უბრალოდ მასიურ გაყიდვაში არ გვაქვს ვაშლი მარწყვში დალაგებული. ეს ეგზოტიკურია და პიკანტური გემო აქვს. საოცრებაა. სპეციალურად, ახლა გავაკეთეთ ამათთვის , რომ აი აქ ექსპორტის თემაზე გაგვეტანა და რა თქმა უნდა მერე საქართველოშიც მასშტაბირებას გავუკეთებთ“, - აღნიშნა ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ.
2024 წელს კომპანია „ჩირჩხელა“ - ს საცალო გაყიდვები საკმაოდ მაღალი იყო. მათი მხრიდან ექსკლუზიური , განსხვავებული და კრეატიული პროდუქციის შეთავაზება იგეგმება ქართველი მომხმარებლებისთვის.
„რომ შევაჯამოთ გასული წელი მოლოდინები უფრო მეტი გვქონდა, მაგრამ შექმნილი სიტუაცია ჩვენზეც რა თქმა უნდა აისახა, რადგან კორპორატიული საჩუქრები კომპანიებმა შეკვეცეს, შეზღუდეს, ღონისძიებები გადადეს. კორპორატიული შეკვეთები იყო მცირე, თუმცა საცალო გაყიდვები იყო საკმაოდ მასშტაბური და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წლის ბოლო დააბალანსა ამ საკითხმა.
ახლა გვაქვს როგორი გეგმები იცით? გვინდა რომ, რაღაც ექსკლუზიური შევთავაზოთ მომხმარებელს. უამრავჯერ გვაქვს რაღაც ტესტირებები გაკეთებული და გვინდა, რომ გავუშვათ მასშტაბებში უფრო მეტად განსხვავებული პროდუქტები. ახლა ვმუშაობთ ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც მოლაპარაკებებიდან გამომდინარე გერმანია დაგიკვერავს, მაგრამ ქართველებს გვინდა, რომ შევთავაზოთ, რაღაც განსხვავებული, უფრო კრეატიული. მაგალითად, ჩვენ გვქონდა მანგოს ტესტირებები გავაკეთეთ და ძალიან კარგად მიიღო იმ პერიოდში მომხმარებელმა და გვინდა გავაგრძელოთ ეს ხაზი. მანგო და კივი ერთად, ერთმანეთზე არის დაჩირებული. გვინდა, რომ ამ ყველაფრის კრეატიული ხაზი გავაკეთოთ “, - აცხადებს ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე.
უახლესი
1 საათის წინ
2024 წელს აშშ-ში ექსპორტი 45%-ითა გაიზარდა4 საათის წინ
აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა