დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჭიათურაში მანგანუმის წარმოება ზარალიანია, მთავარია თანამშრომლებთან ურთიერთნდობა აღდგეს   -   „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი

ჭიათურაში მანგანუმის წარმოება ზარალიანია, მთავარია თანამშრომლებთან ურთიერთნდობა აღდგეს - „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი

21-06-2023 13:21:10

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, ამ დროისთვის გაჩერებულია. კომპანიაში აცხადებენ რომ ჭიათურის საწარმოები არარენტაბელურია და ბოლო რამდენიმე წელია წაგებაზე მუშაობს.

კომპანიამ დასაქმებულებს ჭიათურაში კრიზისის დაძლევის გეგმა შესთავაზა, რაც შეცვლილ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას გულისხმობს, რასაც თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოყვა და შიმშილობა დაიწყეს, მაღაროელებმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტთან კარვებიც კი გაშალეს. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მხრიდან პრინციპული თანხმობაა, გარდა ერთი პუნქტისა, რომელიც ხელფასის მატებას ეხება.

რას გეგმავს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჩიხში შესული ვითარებიდან გამოსასვლელად, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორ ლაშა თუთბერიძეს ესაუბრა.

 

  • ჭიათურელი მაღაროელების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. თქვენ როგორც კომპანიის დირექტორი რაში ხედავთ გამოსავალს?

 

მთავარია აღდგეს ურთიერთნდობა. კომპანიამ ღიად წარადგინა თავისი შეთავაზება და ასევე ღიად თქვა თუ რა ვითარებაშია წარმოება. „ჯორჯიან მანგანეზი“ ზარალზეა და ამ პროცესის გასანეიტრალებლად მენეჯმენტი წლებია მუშაობს. ჩვენ ყველა აღებულ ვალდებულებას ვასრულებთ. 2022 წელს გვქონდა ვალდებულება და დაქირავებულებს ხელფასი 10%-ით გავუზარდეთ. მიმდინარე წელსაც ყოველთვიური სარგო 5%-ით გავზარდეთ. თანაც 2023 წელს საწარმო გაჩერებულია და ხელფასების 60% მაინც ვფარავდით. მაღაროელები ითხოვენ ხელფასის 20%-იან ზრდას.

 

  • თქვენ განაცხადეთ, რომ ამისთვის სახელფასო ფონდიდან $10 მილიონი უნდა გამოიყოს. რამდენად არის შესაძლებელი ამ ვითარებაში თანხის მობილიზება?

 

კომპანიას დასაქმებული ჰყავს ჭიათურაში 3 400 ადამიანი, ჯამურად ჰოლდინგში კი 5 ათასი, ამას ემეტება ქვეკონტრაქტორი კომპანიები და ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა 10 ათასია. ჩვენ ღიად ვამბობთ რომ შეიქმნას კომისია, დამოუკიდებელმა აუდიტმა შეამოწმოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. თუ დადასტურდება, რომ კომპანიას ხელფასის ზრდის რესურსი აქვს, თანახმა ვართ.

 

  • რამ გამოიწვია „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური კრიზისი?

 

1879 წელს დაიწყო საბადოს დამუშავება ჭიათურაში. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ეს მარაგები ამოწურვადია. იყო პერიოდი, როცა გამდიდრება არ სჭირდებოდა ჭიათურის მადანს. პირდაპირ მოიპოვებდნენ და დანახარჯები იყო ნულოვანი. მოპოვება იყო ეფექტური და ხარისხი მაღალი. დღეს მსგავსი მარაგები აღარ არსებობს. შესაბამისად მოპოვება გაძვირდა და არაკონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე.

 

  • ამბობთ, რომ წარმოება ზარალიანია და არაკონკურენტუნარიანი. მაშინ რაშია გამოსავალი?

 

არსებობს რეაბილიტაციისა და კრიზისის მართვის გეგმა. საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, შრომის ორგანიზების ახალი სისტემის შექმნა. ამიტომაც შევთავაზეთ თანამშრომლებს 8 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა რაც უფრო ნაყოფიერია კომპანიისთვისაც და თანამშრომლებისთვისაც.

 

  • გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიამ ორცვლიანი 12-საათიანი გრაფიკი სამცვლიანი 8-საათიანით შეცვალა და მეტი საქმის კეთება მოისურვა, იგივე ან კიდევ უფრო მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ. რას უპასუხებთ?

 

ჩემთვის გაუგებარია 12 საათში შესასრულებელი საქმე როგორ უნდა გაკეთდეს 8 საათში? ადამიანის შრომის ნაყოფიერება 6-7 საათზეა გათვლილი. თუ მეტს იმუშავებს მაღაროელი, მისი შრომის ნაყოფიერება ეცემა და შესაბამისად კომპანია აქედან ვერ იღებს სარგებელს.

 

  • მაშინ რამ გამოიწვია პრობლემა?

 

მანამდე იყო 15 სამუშაო დღე, 8 საათიან გრაფიკზე გადასვლის შემდეგ კი უნდა ყოფილიყო 22 სამუშაო დღე. საკმაოდ რთულია მაღაროში მუშაობა. ეს ხალხი უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ მათი ანაზღაურება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე გაცილებით მეტია. საშუალო დარიცხული ხელფასი - ვახტებზე მომუშავეებისთვის არის 2 200 ლარი, რასაც ემატება ცალკეული ბენეფიტები და ჯამში 3 000 ლარზე მეტი გამოდის. ეს ხელფასები 2022 წელს ფაქტობრივად არის გაცემული.

 

  • თქვენ განაცხადეთ, რომ ჭიათურაში წარმოება მსოფლიო ფასებთან მიმართებით რენტაბელური უნდა გახადოთ. ამ კუთხით რის გაკეთებას გეგმავთ?

 

გვაქვს გეგმა, რაც მოითხოვს საინვესტიციო დანახარჯებს. პირველ რიგში უნდა მოხდეს შრომის ნაყოფიერებისა და ორგანიზების ზრდა. მეორე - სირთულეები გვაქვს საშუალო რგოლის მენეჯმენტში. ხშირია სამუშაო პროცესების არაორგანიზებულობა, რაც იწვევს მაღაროელების მოცდენას. შემდეგი საკითხია საინვესტიციო დანახარჯები და ამასთან ერთად ეს კომპლექსურად უკავშირდება ინვესტიციების საკითხს. ჩვენი მიზანია რენტაბელური გავხადოთ წარმოება. დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე $3,82 ღირს ერთი ტონა მანგანუმის მადნის კონცენტრატი (38%-იანი). ხოლო ჩვენი ნაწარმის თვითღირებულება 2022 წლის მაჩვენებლით, დღევანდელი სავალუტო კურსით არის $8,81. რაც გასულ წელს ჩვენ მოვიპოვეთ თანხაში გამოხატული არის მინუს $32 მილიონი.

 

  • მაგრამ, თქვენ გყავთ ქვეკონტრაქტორები, დაახლოებით 60 კომპანია, რომელთაგანაც მადანს უფრო იაფად ყიდულობთ

 

მათ მიერ მოპოვებულ მადანთან შეფარდებით, შეწონილი ზარალი მცირდება $12 მილიონამდე. როგორ აფინანსებს კომპანია ამ ზარალს? ზარალის დაფინანსებას უზრუნველყოფს სილიკომანგანუმის წარმოების ნაწილში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. იქიდან მობილიზებული თანხებით დაფინანსდა „ჯორჯაინ მანგანეზის“ ზარალები გასულ წლებში.

წელს სრულადაა გაჩერებული გაყიდვები. შეგიძლიათ ნახოთ ექსპორტის მონაცემები. 2023 წელს ზესტაფონის ფეროდან ექსპორტი არ განხორციელებულა. მასიურად დაიხურა კომპანიები. სილიკონ მანგანუმის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში გაჩერებულია. ერთად-ერთი ფერო მუშაობს და იქ ნაწარმოები პროდუქცია საბაზრო ფასებთან მიმართებით მინუს $150 შეადგენს.

სამწუხაროა, რომ ამ ფონზე შეიქმნა ვითარება, რომ თითქოს თანამშრომლებს არ ვუთანაგრძნობთ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მხარის ინფორმირებას. იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლები გაიზიარებენ არსებულ რეალობას და შევთანხმდებით.

P.S შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიას ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“ ფლობს. რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“ აერთიანებს. კომპანია აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს მაღალხარისხიანი ფეროშენადნობები. პროდუქციას ყიდიან რუსეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები