დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესფედერაციას “ქალები მომავლისთვის” კომპანია Shine Energy შემოუერთდა

ბიზნესფედერაციას “ქალები მომავლისთვის” კომპანია Shine Energy შემოუერთდა

25-03-2025 12:30:00

კომპანია Shine Energy • შაინ ენერჯი ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ახალი წევრია. კომპანია მზის ელექტროსადგურების პროექტირებას, ინჟინერიას, შესყიდვებსა და მშენებლობას უზრუნველყოფს და ამ მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნესს, ისე ფიზიკურ პირებს

ნინა გადელია საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელმაც მზის ენერგეტიკის დეველოპმენტში კომპანია დააფუძნა და უკვე მეორე წელია „Shine Energy“-ს უდგას სათავეში. „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების პროექტირებას, ინჟინერიას, შესყიდვებსა და მშენებლობას (EPC)  უზრუნველყოფს და ამ მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნესს, ისე ფიზიკურ პირებს.

კომპანია საკუთარი საქმიანობით მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის განვითარებას და მდგრადი მომავლის შექმნას.

„თავიდან გამოწვევად აღვიქვამდი, რომ ერთადერთი ქალი ვარ საქართველოში, ვინც ამ სფეროში კომპანია დააფუძნა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორედ ამ ფაქტორმა შემძინა განსაკუთრებული შესაძლებლობები. საბოლოოდ, Shine Energy-მ დაამტკიცა თავისი სანდოობა და პროფესიონალიზმი. მადლიერი ვარ, ყველა პარტნიორი კომპანიის, რომელმაც გვანდო ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე“,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისი კარიერული გზა განახლებადი ენერგიის სექტორში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც აქტიურად ჩაერთო მზის ენერგიის პროექტების განვითარებაში. Shine Energy კი 2023 წელს დააარსა, რომელიც დღეს ერთ-ერთი წამყვანი EPC (ინჟინერია, შესყიდვები, მშენებლობა) კომპანიაა საქართველოში.

ნინა გადელია ამჟამად იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზეა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ენერგეტიკასა და ბიზნესში საუნივერსიტეტო ცოდნა არ აქვს, ფიქრობს, რომ მისი კოზირი და ძლიერი მხარე სწორედ იურიდიული განათლებაა:

„მზის ენერგეტიკა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ამიტომ ხშირად გვიწევს რეგულაციური ცვლილებების ადაპტაცია. სწორედ იურიდიული განათლება მეხმარება ამ პროცესების უკეთ მართვაში და სამართლებრივი გამოწვევების გადაჭრაში“.

თუმცა, სამომავლოდ ცოდნის შევსებას ბიზნესისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ჯერ თავადაც ახალია, დამწყებისთვის რჩევაც აქვს. ნინოს მიაჩნია, რომ მთავარი საკუთარი თავის რწმენაა:

„შეუძლებელი ნამდვილად არაფერია, მთავარია, გინდოდეს და ამ პროცესში არ შეგეშინდეს. შეიძლება შეგეშინდეს კიდეც, გარდაუვალია, რომ ადამიანს რაღაცის არ გეშინოდეს, ესე იგი, საკმარის პასუხისმგებლობას არ გრძნობ, მაგრამ მთავარია – მაინც გააკეთო, თუნდაც შეშინებულმა. ამასთან ერთად, ცხადია, მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული, დისციპლინა და გამძლეობა“,- ამბობს გადელია.

ნინო გადელიას სჯერა, რომ ქალებს შეუძლიათ, დიდი ცვლილებები მოახდინონ ეკონომიკაში, ბიზნესში და სოციალურ ცხოვრებაში, უნიკალური ხედვებით, ინოვაციური იდეებითა და ძლიერი ლიდერული თვისებებით, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას ავტომატურად წაახალისებს.

„ქალების როლი და ჩართულობა უნდა გაძლიერდეს მხარდაჭერითა და შესაძლებლობების არსებობით. უფრო მეტი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ბიზნესში, განათლებასა და ლიდერულ პოზიციებზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალებს მხარდაჭერა ჰქონდეთ როგორც საზოგადოების, ისე კორპორატიულ  გარემოში, ბიზნესში“,- აღნიშნავს ნინა გადელია.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები