საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზრის საცალო და დისტრიბუციის დონეზე განსახორციელებელ კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა.
საკითხი ეხებოდა შპს „ბი ემ ესის“ მიერ შპს „ევროლაინის“ ( სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა) 67%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 7 000-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 690.98 ერთეულს. დისტრიბუციის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 85 კომპანია. კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=457. ბაზრის ორივე დონე დაბალკონცენტრირებულია.
შესაბამისად, GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციების მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განსახორციელებელი კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
ინფორმაციისთვის: GCCA-ის მიერ 2024 წელს განხორციელებული 52 593 კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან დაკავშირებით 14 საქმეზე შესაბამის პირებს ჯამურად - 288,400.02 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, 18 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. რაც შეეხება 2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 2 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარე რეჟიმშია.
უახლესი
5 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა7 საათის წინ
ლარი გამყარდა