საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti-ის მფლობელი ლევან არდოტელი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბიზნესმა გაამართლა და სასტუმროს სერვისზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება.
პირიქითა ხევსურეთში, სოფელი არდოტი, რომელიც შატილიდან 20 კილომეტრშია საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti 2019 წლიდან 3 ოთახით გახსნეს. დღეს უკვე 12 ოთახი აქვთ და ერთდროულად 26 ადამიანის მასპინძლობა შეუძლიათ.
„სერვისში შედის განთავსება, კვება, მანქანით ტრანსფერი, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები. სამომავლოდ ვაპირებთ ველოტურების დამატებას. მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება და 2024 წელსაც კარგი დასაწყისი გვაქვს. ოთახში განთავსების ფასი 100-დან 140-ლარამდეა.საუზმე და ვახშამი ერთ პერსონაზე 60 ლარია“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.
ლევან არდოტელის შეფასებით, მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მიმზიდველი ლოკაციაა.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ლოკაცია, რადგან ჩვენი სასტუმრო ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ულამაზესი ხედებია, რაც ხევსურეთის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევს. ამასთან ვაწარმოებთ ნატურალურ საკვებს, გვაქვს მეურნეობა, გვყავს ფუტკარი და მიწას ვამუშავებთ, მოგვყავს ბოსტნეული და ნატურალურ პროდუქციას ტურისტების გამოსაკვებად ვიყენებთ. ასევე გვაქვს ტრანსფერი თბილისის აეროპორტიდან, რაც ტურისტებისთვის საკმაოდ კომფორტულია“, - ამბობს ლევან არდოტელი.
მისი თქმით, სტუმრების 80% ევროპელი ტურისტები არიან. ვიზიტორები ჩამოდიან გერმანიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან პოლონეთიდან და ესპანეთიდან.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში სასტუმრო დაჯავშნილი გვაქვს. მოლოდინი კარგი გვაქვს, ძირითადი ტურისტული სეზონი წინ არის. ყოველ წელს კარგი ზრდა გვაქვს და ჩნდება მეტი მოტივაცია, რომ სერვისები დავამატოთ“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა