დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის" მიერ პირდაპირი ფრენების დაწყება უდიდესი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის" მიერ პირდაპირი ფრენების დაწყება უდიდესი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

13-04-2025 12:25:00

„მორიგი წარმატება აქვს ჩვენს ქვეყანას - საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა. დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის" პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით,  ამ წარმატებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა.

 

„ედელვაისის" შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და  დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის - საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისი მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ  მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ პირველივე რეისი, რომელიც დღეს თბილისის აეროპორტმა მიიღო, სრული დატვირთვით შესრულდა,  რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიიდან საქართველოსთან მიმართებაში მოთხოვნა არის, იზრდება და თავად ავიაკომპანიაც აღნიშნავს, რომ შემდეგ რეისებზეც მოთხოვნა და დატვირთულობა ასევე მაღალი იქნება" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის, ავიაკომპანია „ედელვაისთან", ისევე, როგორც ავიაკომპანია „იზიჯეტთანაც", რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით.

 

„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში" - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ავიარეისებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია Edelweiss საქართველოში ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

 

კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საქაერონავიგაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა. მიღებას ასევე დაესწრნენ ციურიხიდან პირველი რეისით ჩამოფრენილი ავიაკომპანიის წარმომადგენლები და შვეიცარიელი ჟურნალისტები, კომპანია „ტავ ჯორჯიას" თანამშრომლები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები