„ანაკლიასთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი აცხადებს. როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი ვარაუდით სამუშაოები მომავალ თვეში დაიწყება.
„ ახლა წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისად პარლამენტში გაგზავნას, მის დამტკიცებას, მიღებას და ა.შ. რომელსაც დასჭირდება რამდენიმე კვირა და შემდგომ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი. ძირითადი სამუშაოები იქნება მეტად მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულის გამოვლენას, აქ ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას ჩემი ინფორმაციით, და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდო მეორე ეტაპს, სადაც იქნება გამოვლენილი მცირე რაოდენობა კომპანიებსა და შემდგომ უნდა დაველოდოთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის გაწერილი გეგმის მიხედვით თავისი შესაბამისი ვადებით და შესაბამისი ვადების მიხედვით ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა დღესაც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
უახლესი