კომპანია „ჯორჯიან ნექტარი“, რომელიც 100% -ით ნატურალური წვენებს აწარმოებს და ექსპორტზე ყიდის უახლოეს ხანებში საწარმოო გადაიარაღებას ან გაფართოებას არ განიხილავს, თუმცა მზარდი მოთხოვნის ფონზე სამომავლოდ არ გამორიცხავს.
კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ნატა დავითაია Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იყიდება, რადგანაც საექსპორტო ბაზრებზე ნატურალურ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა და იმავდროულად ადგილობრივმა ბაზარმა კომპანიის იმედები ვერ გაამართლა.
როგორც ნატა დავითაია აცხადებს, „ჯორჯიან ნექტარმა“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე 2007 წელს გაიტანა, თუმცა თანხის ამოღება გაუჭირდა და ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით „ჯორჯიან ნექტარი“ მთლიანად ექსპორტზე ორიენტირდა.
„ჯორჯიან ნექტარი“ არის საოჯახო კომპანია, რომელიც მამამ 2007 წელს დააფუძნა და 2007 წლიდან ექსპორტზე გავდივართ. „ჯორჯიან ნექტარისთვის“ პირველი საექსპორტო ბაზარი იყო აშშ. ჩვენი წარმოების ძირითადი ხაზი არის ბროწეულის წვენი და მაგ პერიოდში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა ამ კულტურაზე და ზოგადად მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა. ფაქტობრივად, ძველი ხილის ახლებური აღმოჩენა იყო, გაიზარდა ბაზარზე მოთხოვნა. მამა ტექნოლოგი იყო, შექმნა რეცეპტი და გაიტანეს ექსპორტზე,
დღეს უკვე ექსპორტზე 12 ქვეყანაში აშშ-ი, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, კვიპროსში, ჩეხეთში, გერმანიაში, ინგლისში, ყატარში, ქუვეითში ბაჰრეინში, ისრაელში და სხვა ბაზრებზე გავდივართ“, - განმარტავს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.
ნატა დავითაიას განმარტებითვე, „ჯორჯიან ნექტარს“ საექსპორტო ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს. საწარმო 100%-ით ადგილობრივ ნედლეულზეა დამოკიდებული.
„ჩვენი საექსპორტო ბაზრები დღეს საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ ჩამოკიდებულნი.
დაარსების დღიდან წარმოებაში იმპორტირებული პროდუქცია არ გვქონია, 100%-ით ადგილობრივ პროდუქტებზე ვართ დამოკიდებული, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერებისგან ვიბარებთ. ბროწეული ველურად მზარდი ჯიშია და ამიტომ მისი ჩაბარება ხდება სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება და ის გემოვნური თვისებები, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ხარისხთან ერთად ძალიან მოსწონთ“, - ამბობს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.
„ჯორჯიან ნექტარი“ დღეისათვის დაახლოებით 8 სახეობის წვენს აწარმოებს და წარმოების 80%-ი არის ბროწეულის წვენი. ბროწეულის გარდა კომპანია აწარმოებს ალუბლის, შინდის, მაყვლის, მოცვის, ჟოლოს, ქლიავის წვენებს და ჭარხლის და ვაშლის მიქსს.
„მიუხედავბად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი გამოწვევაა წარმოების სტაბილურობას ვინარჩუნებთ. გარე ფაქტორები ჩვენს წარმოებაზე ყველანაირად მოქმედებს, იზოლირებული არ ვართ. 2028 წლის ომმაც მნიშვნელოვნაც შეგვაფერხა და რუსეთ- უკრაინის ომმაც. ნებრი ბარიერები და გამოწვევები არის, მაგრამ ეს ბაზრის დივერსიფიცირება ძალიან გვეხმარება, რომ დავაბალანსოთ ჩვენი ექსპორტი და სტაბილურობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. მაგალითად, პანდემიის დროს აშშ-ში და ავსტრალიაში ტრანსპორტირების ფასი დრამატულად დაახლოებით 300%-ით გაიზარდა, და ამ დროს ძალიან დაგვეხმარა ევროპის და გალფის ბაზარი, რომ ექსპორტი დაგვებალანსებინა“, - აღნიშნა კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა.
ირკვევა, რომ 2023 წელს კომპანიის გაყიდვებმა 24%-იანი ზრდა აჩვენა და კომპანია საექსპორტო ბაზრების ზრდაზე აქტიურად მუშაობს. როგორც ნატა დავითაია ამბობს, აქტიური მოლაპარაკებებია ასევე არსებულ ბაზრებზე გაფართოებაზე.
შპს „ჯორჯიან ნექტარის“ წარმოება მდებარეობს ქარელში. „ჯორჯიან ნექტარის“ საწარმო გამოირჩევა მაღალი წარმადობით და ფლობს შემდეგ სერტიფიკატებს: (ISO 22000, BIO Organic, Halal, Kosher) აღსანიშნავია, რომ შპს „ჯორჯიან ნექტარი“ მხოლოდ საქართველოში მოყვანილ ხილს და ბოსტნეულს იყენებს. მისი პროდუქცია ახლად გაწურული, პასტერიზებული და ბოთლებში ჩასხმული წვენებია, რომლებიც არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
უახლესი
1 საათის წინ
7 ნაბიჯი ბიზნესის დასაწყებად