დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლიდან, მცირე წარმოების განვითარებასა და სავაჭრო ქსელებში შესვლას ვგეგმავთ - „უმმი“

2025 წლიდან, მცირე წარმოების განვითარებასა და სავაჭრო ქსელებში შესვლას ვგეგმავთ - „უმმი“

26-12-2024 14:00:00

2024 წელს დელივერზე ვიყავით, მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ კაფე გაგვეხსნა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Raw Food-ის ანუ ცოცხალი საკვების პირველი კაფე-სამზარეულოს „უმმის“ თანადამფუძნებელმა სოფია თანიაშვილმა განუცხადა.

სოფია თანიაშვილი „უმმის“ საქმიანობას წლის პირველ ნახევარში დადებითად აფასებს, თუმცა ამ დროისთვის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე გაყიდვები შეუმცირდათ, მაგრამ ერთგული მომხმარებელი მაინც შეინარჩუნეს.

„ის მიმართულება, რაც ჩვენ გვაქვს - ჯანსაღი პროდუქტი, ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში და მაგ კუთხით ცნობიერება მაღლდება. დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ცნობადობა საქართველოში. იგივე პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში ვეგანურ სამზარეულოსთან მიმართებით“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„უმმი“ მომხმარებელს 30-35 დასახელების კერძს სთავაზობს.

„ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ახლა ვმუშაობთ მაგ საკითხზე, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კერძების ფასები“, - განაცხადა სოფია თანიაშვილმა.

2025 წლიდან გეგმავენ პირადი ინვესტიციითა და ბანკის ფინანსური რესურსით „უმმის“ ჯანსაღი საკვების წარმოება განავითარონ და ექსპორტზეც გავიდნენ. თუმცა, ახლა კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ეს პროექტი შეჩერებულია.

„ამის მიუხედავად, ვგეგმავთ მცირე წარმოების განვითარებასა და სავაჭრო ქსელებში შესვლას. კერძოდ, ვგეგმავთ გრანოლების წარმოებას. ამისთვის მზად ვართ, გვაქვს დანადგარები, საშრობი, საფქვავი და ტერიტორია მომზადებულია წარმოების დასაწყებად. ეს პროდუქტი მოთხოვნადია ბაზარზე. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ გაღივებულ წიწიბურას. ეს პროდუქტი მოხარშვის დროს კარგავს სასარგებლო თვისებებს, ხოლო გაღივების შემთხვევაში 60-70%-ით იზრდება ის სასარგებლო თვისებები რაც აქვს. მაგალითად რკინა, კალიუმი და ასე შემდეგ. ეს პროდუქტი ადამიანს ენერგიას მატებს დანამატების გარეშე და ტკბილეულზე მოთხოვნას ანეიტრალებს“, - აცხადებს „უმმის“ თანადამფუძნებელი.   

მენეჯმენტში ცვლილებებისა და მენიუს განახლების შემდეგ „უმმის“ კაფემ ოპერირება განაახლა და ახალი ობიექტი თბილისში, ვასილ ბარნოვის 57/ა-ში გაიხსნა.

რაც შეეხება კაფეს შექმნაში ჩადებულ ინვესტიციას, ყველაფერი სახლის პირობებში, ნულოვანი ინვესტირებით დაიწყო. მოგვიანებით კი ,,შარქ თენქის" დახმარებით კომპანიის დამფუძნებლებმა 70 000 ლარიანი თანადაფინანსება მიიღეს და გაფართოვდნენ. ,,უმმი" ამჟამად ერთი ობიექტით არის წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები