იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველის პარტნიორი, ვახტანგ შურღაია, „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესის დასაწყებად.
1.სამართლებრივი ფორმის არჩევა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კომპანიის სამართლებრივი ფორმები რომელთა მეშვეობითაც შეიძლება განხორციელდეს სამეწარმეო საქმიანობა. ფორმის შერჩევა დამოკიდებულია ბიზნესის მასშტაბზე, პარტნიორთა პასუხისმგებლობაზე, საქმიანობის სფეროზე და ა.შ. მაგალითისათვის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) უპირატესობაა ის რომ პარტნიორთა პასუხისმგებლობა შეზღუდულია კომპანიის ქონებით, ამასთან მის დასარეგისტრირებლად არ მოითხოვება მინიმალური განთავსებული კაპიტალი. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია უპირატესია მცირე ინდივიდუალური სამეწარმეო მიზნებისთვის, რადგან ასეთი ტიპის მეწარმეებისათვის სხვადასხვა საგადასახადო შეღავეთები მოქმედებს. სააქციო საზოგადოების (სს) ფორმა გამოიყენება უფრო მსხვილი ბიზნესისათვის და მისი რეგისტრაცია დაკავშირებულია მინიმალურ კაპიტალთან (100 000 ლარი).
2. იურიდიული მისამართის განსაზღვრა
რეგისტრაციის დროს უნდა განისაზღვროს კომპანიის იურიდიული მისამართი. შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც იჯარის ხელშეკრულებით მიღებული ქონების, ისე - კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისამართი. ამასთან, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების მისამართის მითითებაც. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის რეგისტრირებულ მისართზე მოხდება კომპანიისთვის განსაზღვრული კორესპონდენციისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნა.
3. რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
კომპანიის მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭიროა წესდებისა და სადამფუძნებლო შეთანხმების არსებობა. შესაძლებელია როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული სტანდარტული წესდების გამოყენება ისე - ინდივიდუალური წესდების შემუშავება. რაც შეეხება სადამფუძნებლო შეთანხმებას, იგი წარმოადგენს პარტნიორთა წერილობით შეთანხმებას და უნდა შეიცავდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას.
რეგისტრაციის შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კომპანიას უხსნის ანგარიშს ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე. პორტალი ეხმარება კომპანიას, მიიღოს შეტყობინებები რეესტრისაგან, გამოაქვეყნოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტი/ინფორმაცია (მაგ. კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება, აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე განცხადება და ა.შ.).
4. საბანკო ანგარიშის გახსნა
რეგისტრაციის შემდეგ საჭიროა კომპანიის საბანკო ანგარიშის გახსნა. გასათვალისწინებელია, რომ რეგისტრაციის განაცხადით პირს ასევე შეუძლია მოითხოვოს ავტომატურად ანგარიშის გახსნა კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში.
5. საგადასახადო რეგისტრაცია
რეგისტრაციის შემდეგ, ასევე აუცილებელია გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში. კომპანია ასევე ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.
6. ლიცენზიის/ნებართვის მიღება
თუ კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, მის განხორციელებამდე უნდა მოხდეს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღება.
7. რეგისტრაცია ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში
ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობა სავალდებულო წესით ექვემდებარება რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში. რეგისტრაცია სავალდებულო საქმიანობა (მათ შორის და არა მხოლოდ) მოიცავს: კვების პროდუქტების, ავეჯის, ფეხსაცმლის, მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს და ა.შ.
უახლესი
10 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა