სავაჭრო ცენტრ ,,ლილო მოლში“ 2024 წელი დადებითად ფასდება. 2023 წელთან შედარებით, რეალიზაცია გაიზარდა. თუმცა დიდი მოცულობით გაყიდვების ზრდას სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია დეკემბრის ბოლო დღეებში ელოდება.
როგორც მან Business Insider Georgia- თან განაცხადა, „ლილო მოლში“ საახალწლო ვაჭრობა აქტიურ ფაზაშია.
„4-ათასამდე მეწარმე მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. არის ფასდაკლებები და სავაჭრო სივრცე მზადაა მომხმარებლის მისაღებად. აქტივობა იმდენად მაღალია, რომ ავტომობილის გასაჩერებელ სივრცეში ადგილები აღარ არის“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.
გიორგი კვარაცხელიას შეფასებით, საახალწლო სეზონი ასტიმულირებს რეალიზაციას, თუმცა „ლილო მოლი“ უმეტესად მაინც ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომელიც ყველა სეზონზე ინარჩუნებს მოთხოვნას.
„ახალი წლის სეზონზე რეალიზაცია ორმაგდება ხოლმე, ვფიქრობთ, ეს მოცემულობა წელსაც გვექნება“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.
სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ 2024 წელს „ლილო მოლში“ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა, აშენდა ახალი პავილიონები და დღეს სავაჭრო სივრცე 35 ჰექტარზეა წარმოდგენილი.
რაც შეეხება 2025 წელს „ლილო მოლი“ გაფართოებას გეგმავს.
„სულ რამდენიმე დღეში მივიღებთ თანხმობას და დამტკიცდება ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება. იგეგმება ორ სართულიანი სამი შენობის აგება, რომელიც დაახლოებით 4 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. სავაჭრო სივრცეში განლაგებულ მაღაზიებში წარმოდგენილი იქნებიან ბრენდები და ასევე ფიზიკური პირებიც შეძლებენ ფართების დაქირავებას. ახალ სავაჭრო ცენტრს ჩვენი თანამონაწილეობით, ქვეკონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ააშენებს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში კომპანიამ მოადინა შერწყმა შპს „სეტ-ლი“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარა“. 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა - 342 ადამიანი შეადგინა.
რაც შეეხება მფლობელებს, შპს „ლილო მოლის“ 1%-1%-ს ლევან გაგუა და ნიკოლოზ უსანეთაშვილი ფლობენ. 1.5%-ს კონსტანტინე კაპანაძე, 8.525% დავით გავაშელი, 2.285% მარიკა გავაშელი, 2% დავითი გაგუა, 2% ილია ბადრიაშვილი, 0.5% ლევან ანდღულაძე, 1% ბაჩო კაპანაძე, 2% გიორგი კვარაცხელია, 0.46% იოსებ საყვარელიძე, 15.485% გია ანდღულაძე, 14.285% გიორგი გაგუა, 01006001848 11.285% თენგიზ გავაშელი, 01003002124 11% ვაჟა უსანეთაშვილი, 12.785% ილია შონია, 13.79% გიორგი საყვარელიძე
უახლესი
8 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“