დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს

14-01-2024 11:41:00

გიზიარებთ ბლოგს: საცობებით, ხმაურითა და სხვადასხვა საზრუნავით გადატვირთული ყოველდღიურობის ფონზე ბუნებაში დროის გატარება დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. საქართველოში საუცხოო ფლორითა და ფაუნით გამორჩეული ადგილები მრავლადაა, მათგან კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია.

თუ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გაატარო ყველაზე ქათქათა და ცოტათი სუსხიანი სეზონი, ამ სტატიაში 3 მიზეზს ჩამოგითვლით, თუ რატომ უნდა ეწვიო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.

1. მომაჯადოებელი ტყეები და მცენარეთა მრავალფეროვნება 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. ის 1995 წელს გაიხსნა და დამოუკიდებელ საქართველოში დაარსებული პირველი ეროვნული პარკია. პარკში აღმოჩენილს ქალაქის ხმაური და დამღლელი ყოველდღიურობა საერთოდ დაგავიწყდება, რაც მომაჯადოებელი ტყისა და მცენარეების თავბრუდამხვევი მრავალფეროვნების დამსახურებაა.

პარკში 1 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს შეხვდები. აქ წმინდა ნაძვნარის, სოჭნარის და ფიჭვნარის მასივებია თავმოყრილი, ასევე გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-რცხილნარი, წაბლნარ-წიფლნარი და ა.შ. პარკში “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებიდან წაბლი, უხრავი, ჯონჯოლი, აღმოსავსული მუხა და შიშველი თელადუმაცაა გავრცელებული.

ზამთარში სიმწვანე და ბუნებასთან სიახლოვე განსაკუთრებულად გვაკლია, ამიტომ ყველაზე ცივ სეზონზე პარკში სტუმრობა, სუფთა ჰაერით ტკბობა და ქათქათა თოვლით დაფარული ტყეების დათვალიერება ერთიორად მომნუსხველი იქნება.

2. პარკში “წითელ ნუსხაში” შეყვანილი და ენდემური სახეობები ბინადრობენ

მცენარეების გარდა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მრავალფეროვანი ფაუნითაცაა გამორჩეული. დაცულ ტერიტორიაზე “წითელ ნუსხაში” შეყვანილი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები ბინადრობენ, მათ შორის, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი, კავკასიური ციყვი და ა.შ. ენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა, აჭარული ხვლიკი, კავკასიური ჯვარულა და სხვა.

თუ ფრინველების თვალიერება და მათი გალობით ტკბობა გიყვარს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთგული სტუმარი გახდები: აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, რომელთაგან 13 “წითელ ნუსხაშია” შეყვანილი.

3. ლაშქრობის მოყვარულებს საუცხოო თავგადასავალი ელით

ეროვნული პარკში საუკეთესო გამოცდილება ლაშქრობის მოყვარულებს ელით. თუ ზამთარში სახლში დამალვა მოგბეზრდა და ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად ბუნებით ტკბობა და სასიამოვნოდ დაღლა გინდა, პარკში 12 ბილიკი გელოდება. მათგან სასურველს სირთულის, ხანგრძლივობისა და სანახაობების მიხედვით შეარჩევ. მაგალითად, თუ ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალის მონახულება და 4-დღიანი ლაშქრობა გინდა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკის არჩევა შეგიძლია, თუ საუცხოო ხედები გხიბლავს, პანორამების ბილიკი მოგეწონება, ხოლო თუ ხანმოკლე ლაშქრობა გირჩევნია — ლიკანის ხეობის ბილიკია საშენო.

რაც მთავარია, ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია, მათ გასწვრივ კი ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეებიც შეგხვდება. პარკში ცეცხლის დასანთებად სპეციალური ადგილებიცაა გამოყოფილი.

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ველო ტური და საცხენოსნო ტურიცაა ხელმისაწვდომი, თუმცა ზამთარში განსაკუთრებით პოპულარული თოვლის ფეხსაცმელების ტურია. ერთდღიანი და ორდღიანი ტურებისთვის თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნებისმიერ სეზონზე საუცხოო მასპინძლობას გაგიწევს, თუმცა ზამთრის მოსაწყენი და ნაცრისფერი დღეების გასახალისებლად ამაზე ჯადოსნურ და თვალწარმტაც ადგილს რთულად თუ იპოვი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები