დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გამოგრჩეს „ბიზნესის გულის“ ქართული გამოცემა

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გამოგრჩეს „ბიზნესის გულის“ ქართული გამოცემა

21-09-2024 15:44:00

გიზიარებთ ბლოგს: ოდესმე წიგნს თქვენი ცხოვრება შეუცვლია? თუ კითხვა გიყვართ, დიდი ალბათობით, ამ კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითი იქნება. ასე მოხდა გივი გიორგაძის შემთხვევაშიც, როცა უბერ ჟოლის ბესტსელერი წიგნი წაიკითხა და სწორედ ამის გამო გამომცემლობის დაარსება მოუნდა.

„უბერ ჟოლის წიგნი ინგლისურად  წავიკითხე და აღვფრთოვანდი. მაშინვე ჩემს ძმას გავუზიარე ემოციები და შევთანხმდით, რომ კარგი იქნებოდა, სხვებისთვისაც მიგვეცა შესაძლებლობა, ქართულად გასცნობოდნენ ამ წიგნს. მალევე მოვახერხეთ, რომ დავკავშირებოდით ავტორს და თარგმნის ლიცენზია მიგვეღო. ჩვენი გრძელვადიანი მიზნებისთვის გვჭირდებოდა პარტნიორი, ასე მოვხვდით SOLO-სთან, რომელიც წიგნის გამოცემის საკითხით დაინტერესდა. ერთობლივი მუშაობით კი შევძელით ქართველი მკითხველისთვის ხარისხიანი ლიტერატურული თარგმანი შეგვექმნა“, – ამბობს გივი გიორგაძე.

ასე დაარსდა გამომცემლობა „ბაბლჰედი“, რომელიც SOLO Books-ისა და Visa-ს ერთობლივი მხარდაჭერით სულ მალე ქართულ ენაზე გამოსცემს უბერ ჟოლის წიგნს ”ბიზნესის გული”,  რომელმაც გამოცემის დღიდან ამერიკელი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება  დაიმსახურა.

თუ რატომ უნდა დაინტერესდეს ამ სიახლით ქართველი მკითხველი, ამაზე მოკლედ ქვემოთ გიამბობთ:

რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული თხრობა

წიგნის ავტორი ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანიის, „ბესთ-ბაის“, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. უბერ ჟოლი გვიყვება, როგორ აქციეს  მან და მისმა გუნდმა კომპანია საუკეთესო დამსაქმებლად, გაზარდეს მოგება და მომხმარებელთა კმაყოფილება; გვასწავლის, როგორ შეიძლება ბიზნესმა მიაღწიოს წარმატებას და ამავდროულად წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში.

პრაქტიკული რჩევები ბიზნესის წარმატებისთვის

წიგნი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამუშაო გარემო ვაქციოთ სივრცედ, სადაც ყველა დაფასებულად და თავისუფლად გრძნობს თავს, ადამიანების საჭიროებებზე ფოკუსირებით შევქმნათ ეთიკური ორგანიზაციული კულტურა და  ამავდროულად გავზარდოთ ბიზნესის მოგება, რა თვისებები სჭირდება წარმატებულ ლიდერს. რაც მთავარია, ავტორი არ გვესაუბრება მშრალი თეორიებით, გვიყვება რეალური ამბების, გამოწვევების შესახებ, გვიზიარებს პრაქტიკულ ცოდნას. წიგნი საინტერესო ინფორმაციასთან ერთად მოგცემთ მოტივაციასაც, უფრო მეტი გაიგოთ ლიდერობისა და თანამედროვე ბიზნესტენდენციების შესახებ, აღმოაჩინოთ და დახვეწოთ საკუთარი ლიდერული უნარები.

გამორჩეული წერის სტილი

როგორც გივი გიორგაძე გვიყვება, ნაწარმოების ენა და ამბის თხრობა მოულოდნელად გამორჩეულია, არ ჰგავს სხვა მშრალ ბიზნესლიტერატურას. ქართულ ვერსიაშიც მაქსიმალურად არის შენარჩუნებული სტილი, ტონი, თხრობის უშუალობა, სიმარტივე და იუმორი.

სწორედ ამიტომ, წიგნი საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც კარგი ლიტერატურის წაკითხვა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლო და შთამაგონებელი იქნება მათთვის, ვისაც აინტერესებს ორგანიზაციული ლიდერობა და გუნდის მართვა.

სად, როდის და როგორ შეიძლება წიგნის ქართული თარგმანის გაცნობა

წიგნის პრეზენტაცია SOLO ლაუნჯში გაიმართება, ზუსტი თარიღის შესახებ მალე შევიტყობთ, თუმცა  „ბაბლჰედი“აანონსებს, რომ პრეზენტაციას შესაძლოა თავად ავტორიც დაესწროს. უბერ ჟოლი ვირტუალურად შემოუერთდება პრეზენტაციას და თავად უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. შეხვედრები და დისკუსიები SOLO ლაუნჯში კი პრეზენტაციის შემდეგაც გაგრძელდება.

ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, პირველი გაეცნოთ ბიზნესლიტერატურის გამორჩეულ ნაწარმოებს ქართულ ენაზე, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, გაუზიაროთ შეხედულებები და გაგიგოთ მეტი თანამედროვე ბიზნეს სამყაროს უახლესი ტენდენციების შესახებ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები